ფეხბურთი

18:42 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც 39 წელი კომაში იყო, გარდაიცვალა

ფრანგი ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 39 წელი კომაში გაატარა.

ადამსი 34 წლის იყო, როდესაც ღრმა კომაში ჩავარდა. 1982 წლის მარტში მან ლიონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუხლის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ანესთეზიოლოგის შეცდომის შედეგადაც მას ტვინი დაუზიანდა და კომაში ჩავარდა.

ოპერაციის დღეს საფრანგეთში ექიმების გაფიცვა იყო, რის გამოც ანესთეზიოლოგი რვა ოპერაციას კურირებდა და წამლის დოზა აერია. სიტუაცია ვერც მისმა თანაშემწემ გააკონტროლა, რომელიც სტაჟიორი გახლდათ და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ადამსი ანესთეზიიდან ვერ გამოვიდა.

ჟან-პიერ ადამსი სენეგალის დედაქალაქ დაკარში დაიბადა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 1972-1976 წლებში 22 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა, თამაშობდა „პარი სენ ჟერმენში“, კარიერის უმეტესი ნაწილი კი „ნიცაში“ გაატარა.

0.16043