ფეხბურთი

0:44 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სირცხ-ვილი

ესპანეთის ნაკრებთან წაგება სირცხვილი არასდროს არ არის, თანაც არავისთვის, მაგრამ სირცხვილია ის თამაში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა არა მხოლოდ პირინელთა, არამედ ზოგადად, მიმდინარე თვეში აჩვენა.

გასაგებია, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი საკადრო პრობლემები ჰქონდა და ხვიჩა კვარაცხელიას, ოთარ კიტეიშვილის, საბა ლობჟანიძის შეცვლა ადვილი არ არის, მაგრამ არც ისეა, რომ გუნდმა ისეთი ფეხბურთი ითამაშოს, როგორიც ითამაშა.

კოსოვოსთან და ესპანეთთან მატჩები რომ გავაერთიანოთ - ეს იყო უბრალოდ კოშმარი! კოსოვოს ახლა თავი რომ დავანებოთ, უცნაური იყო სანიოლის გადაწყვეტილება ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით.

ესპანეთში, ესპანეთთან ერთბაშად სამი დებიუტანტი გაამწესა სასტარტოში, რაც უკვე ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო. საერთოდ, ბოლო ორ მატჩში ფრანგი სპეციალისტის შერჩეული ძირითად შემადგენლობას ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ცალკეული გვარების დასახელებას დიდად აზრი არ აქვს, მაგრამ ყველაფერი ისედაც ნათელია. „ჯვაროსნების“ დაცვის ფლანგი ორივე თამაშში უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებდა.

ესპანეთმა კი ძალიან იოლად მოიგო, მოსაყოლი არაფერია, დასაწყისშივე ხოსე გაიასა და კარლოს სოლერის გოლების შემდეგ ყველაფერი გადაწყდა. მერე ფერან ტორესმა და პაბლო სარაბიამ გაიტანეს. საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ნორმალური იერიში 65-ე წუთზე ჰქონდა, როცა გიორგი მიქაუტაძემ დაარტყა და ესპანეთი უნაი სიმონმა და ძელმა ერთობლივად გადაარჩინეს.

უნდა ითქვას, რომ ეს იყო ორი სრულად განსხვავებული გუნდი იმასთან შედარებით, რაც თბილისში ესპანეთთან ვიხილეთ და ახლა უკვე ბადახოსში. ვილი სანიოლის ჯერ კიდევ გამოძახებულ ფეხბურთელთა სია იწვევდა კითხვის ნიშნებს და შემდეგ უკვე შერჩეული ძირითადი შემადგენლობაც.

საქართველოს ნაკრებს ხუთ თამაშში კინკილა ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 8 სექტემბერს, სოფიაში ბულგარეთთან ჩაატარებს, რომელსაც ამხანაგურის სტატუსი აქვს და სანიოლს იქ მიეცემა ექსპერიმენტების შესაძლებლობა, რაც არც კოსოვოსთან დაუკლია და არც ესპანეთთან...

ესპანეთი - საქართველო 4:0 (3:0)

ბადახოსი, „ესტადიო ვივერო“

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი (სანჩესი 74); ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 61), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74); ლორენტე, როდრი, სოლერი; ფერან ტორესი (ფორნალსი 61), აბელ რუისი, სარაბია

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

საქართველო (4-2-3-1): ლორია; ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76); აბურჯანია (ალთუნაშვილი 69), კანკავა; მამუჩშვილი, ზარია (მიქაუტაძე 57), აზაროვი (ყაზაიშვილი 57); დავითაშვილი

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 გაია (14), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

გაფრთხილება: კაშია (69) ჩაბრაძე (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 5 (3) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ტიაგო მარტინში (პორტუგალია)

0.161038