ფეხბურთი

15:27 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "საქართველოსთან გაგვიჭირდება, გაიხსენეთ, რომ პირველი თამაში ბოლო წუთზე მოვიგეთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებს ბადახოსში ესტუმრება. მატჩის წინ "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელთა თავკაცმა უფრო მეტად თავისი გუნდის ზოგად მდგომარეობაზე ისაუბრა, ვიდრე კონკრეტულად საქართველოსთან მატჩზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელ ჟურნალისტებს ლუის ენრიკესთვის საქართველოსთან მატჩის შესახებ შეკითხვები პრაქტიკულად არ დაუსვამთ, რაც მოულოდნელი არ არის, რადგან ახლა მათ წინაშე უფრო დიდი პრობლემაა - ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების არცთუ დიდი შანსი აქვთ და შვედეთზეა ყველაფერი დამოკიდებული:

„შვედეთთან თამაში გავაანალიზეთ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ორთაბრძოლები ვერ მოვიგეთ, შეგვეძლო უკეთ თამაში, პოზიციური შეცდომები იყო. ფეხბურთში არსებობს ინდივიდუალური და კოლექტიური შეცდომები. არ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც შვედეთში წავაგეთ, ყველაფერი ჯამური შედეგით ხდება. ბოლო წლებში დონე გათანაბრდა და ძალიან რთულია ყველა თამაშის მოგება. საქართველოსთან სირთულეები გვექნება და მოგვიწევს პრობლემებთან გამკლავება. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ეს უპირატესობა გვაქვს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქართველებთან პირველ ტურში ბოლო წუთზე მოვიგეთ.

არ ვეთანხმების ერიკ გარსიას კრიტიკას. ის იდეალურ კონდიციებშია, კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და დამოკიდებულებით. სირთულეები უნდა გადავლახოთ. პლეი-ოფში თუ მოვხვდებით, იქ ორი თამაში უნდა მოვიგოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ. ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული გავალთ თუ არა ჯგუფში პირველ ადგილზე, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული ვითამაშებთ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებთ. ძალიან დელიკატური მომენტია და ნორმალურია, რომ პრესკონფერენციაზე ბედნიერი სახით არ მოვდივართ, მაგრამ მეორე დღეს შემდეგი თამაშისთვის მომზადებაზე უნდა ვიფიქროთ.

დაცვაში სათამაშო სქემა მარტივია, მაგრამ შეტევაში ის თამაშიდან გამომდინარე იცვლება. მიყვარს შემტევი ფეხბურთი და რისკზე წასვლა, ეს ფეხბურთელებმაც იციან. გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ მათი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისინი თამაშზე გავლენას ახდენენ, ფრთებს გვასხამენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სირთულეები არსებობს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

ესპანელი სპეციალისტის გარდა, პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი იმყოფებოდა, რომელმაც ასევე ზოგადი კომენტარი გააკეთა:

„ფეხბურთი განვითარდა, ნებისმიერ გუნდს შეუძლია გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ჩვენს სატურნირო მდგომარეობაზე. ეს არის ის, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ. ვცდილობთ ოპტიმისტები ვიყოთ და გვინდა მოვიგოთ დარჩენილი მატჩები, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოთხ თამაშში ერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო ესპანეთის აქტივში 7 ქულაა და ლიდერ შვედეთს 2 ქულით ჩამორჩება, თანაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, რაც ლუის ენრიკეს გუნდის სატურნირო მდგომარეობას ართულებს. საქართველოს ესპანეთში ორჯერ უთამაშია, ერთხელ 0:2 წააგო, ხოლო მეორედ 1:0 მოიგო. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.114953