ფეხბურთი

21:56 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "მესმის, რომ გერმანიაში ამ შედეგით იმედგაცრუებულნი დარჩნენ"

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩი ლიხტენშტეინთან სტუმრად ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა. აღნიშნული გამარჯვებით ბუნდესნაკრების თავკაცი ჰანსი ფლიკი კმაყოფილი არ იყო, რადგან უფრო მეტ გოლს ელოდა. ფლიკმა გერმანიის ფედერაციის ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდი შენების პროცესშია და შეცდომების გამოსწორებით ნელ-ნელა განვითარდება.

- რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი პირველი გამარჯვებით ეროვნულ ნაკრებში?

- ეს იყო განსაკუთრებული გამარჯვება, რადგან ჩემი პირველი თამაში იყო. როგორც ვთქვით, ჩვენ ყველას გვინდოდა მეტი გოლის გატანა - ლიხტენშტეინი არის გუნდი, რომელიც უნდა დავამარცხოთ დამაჯერებლად. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, თუმცა გუნდებს შორის დიდი სხვაობა იყო და მე მესმის, რომ გერმანიაში ხალხი იმედგაცრუებული დარჩება ამ შედეგით.

- როგორ ფიქრობთ, რა იყო მთავარი პრობლემა?

- დავინახეთ, რომ გუნდი თავდაჯერებული არ იყო, რათა ბევრი გოლი გაეტანა. შესაძლებლობები ბევრი გვქონდა, თუმცა ბოლო მომენტს ვერ ვასრულებდით. კარგი იქნებოდა გაგვეტანა თამაშის დასაწყისშივე, რათა თავდაჯერება მოგვეპოვებინა. პირველი ნახევარში სუსტად გამოვიყურებოდით, გუნდი ნელა თამაშობდა და ტემპი გვაკლდა, მეორე ნახევარში კი ეს პრობლემები ცოტათი აღმოვფხვერით. მატჩის შემდგომი გამარჯვებით არავინ იყო კმაყოფილი. ამაში მთლიანად გუნდს არ ვადანაშაულებ, ფეხბურთელებმა სცადეს ბურთი გაეკონტროლებინათ და პრობლემები დროულად გამოესწორებინათ. ჩვენ ფეხბურთელებს ბევრი ვესაბრეთ. პირველმა ვარჯიშმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა - ფეხბურთელების სათამაშო ხარისხი ბრწყინვალე იყო, მაგრამ ეს მათ მოედანზე ვერ გადმოიტანეს. ჩვენ ეს პრობლემა უნდა აღმოვფხვრათ და ამაზე საუბარი გვექნება.

- თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ლეროი სანე და ტიმო ვერნერი გეთამაშებინათ, მიუხედავად მათი პრობლემებისა. როგორ მოიპოვეს თქვენი ნდობა?

- მათ თავიანთი სათამაშო ხარისხი მაჩვენეს. ტიმო კარგად გამოიყურებოდა და კარგადაც ჩაერთო თამაშში. რთული იყო მისთვის ასეთი ყრუ დაცვვის წინააღმდეგ თამაში. ლეროიმ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა მალევე გამოასწორა. მან კარგად იმუშავა მეორე გოლის დროს და დაგვანახა, რომ ფორმას უბრუნდება.

- სომხეთთან კვირას გასამართი მატჩისგან რას ელოდებით?

- მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. სომხეთი ჯგუფში ლიდერია და თუ მათ მოვუგებთ, პირველ ადგილზე გადავალთ, ესაა ჩვენი მიზანი. მოედნის მიღმა კი ყველაფერი კარგადაა, ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტური თამაში, ჰარმონიულად მუშაობა, რათა წინსვლა გავაგრძელოთ.

ლიხტენშტეინთან მატჩში გოლები ტიმო ვერნერმა (41) და ლეროი სანემ (77) გაიტანეს. მომავალ მატჩს გერმანია შინ სომხეთთან ჩაატარებს, რომელიც ბუნდესნაკრებს ერთი ქულით უსწრებს და 10 ქულით პირველ ადგილზეა.

0.162464