ჩოგბურთი

4:04 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი კალენდარული დიდი სლემის შესასრულებლად მზადაა

ტოკიოს ოლიმპიადაზე განცდილი მარცხის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩს არცერთ ტურნირზე არ უთამაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, აშშ-ის ღია პირველობის მთავარი ფავორიტია. და თუ გამარჯვებას შეძლებს, ერთ სეზონში დიდი სლემის ოთხივე ტურნირის ჩემპიონი გახდება.

მსგავსი მიღწევა, 1969 წლის შემდეგ არავის ჰქონია. მაშინ დიდი სლემის ოთხივე ტურნირი, ლეგენდარულმა როდ ლეივერმა მოიგო. გარდა ამისა, ეს სერბი ჩოგბურთელისთვის, დიდი სლემის 21-ე ტიტული იქნება, რითაც როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს გადაასწრებს. შვეიცარიელს და ესპანელს დიდი სლემის 20-20 ტიტული აქვთ მოგებული და აშშ-ის ღია პირველობას ორივე გამოტოვებს.

34 წლის ჯოკოვიჩს ამ სეზონში ავსტრალიის ღია, საფრანგეთის ღია, ასევე უიმბლდონი აქვს მოგებული. და შანსი ჰქონდა, ერთ სეზონში დიდი ხუთეული მოეგო - დიდი სლემის 4 ტურნირი, პლუს ოლიმპიური ოქრო. მაგრამ ტოკიოში ხელი მოეცარა. შემდეგ კი, შერეულ წყვილებში, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრას, მხრის ტრავმის გამო გამოეთიშა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ტოკიოში განცდილი მარცხი გადაღლას მიაწერა. სწორედ ამიტომ, მან ტოკიოს შემდეგ ყველა ის ტურნირი გამოტოვა, რომლებიც აშშ-ის ღიასთვის მოსამზადებელ ეტაპად ითვლება. ფლეშინგ მედოუსისთვის მომზადება მას არც სჭირდება, რადგან იქაური კორტები, მის სათამაშო სტილს საუკეტესოდ ერგება.

მაგრამ ჯოკოვიჩს აშშ-ის ღია პირველობა ბოლოს 2018 წელს აქვს მოგებული. მას შემდეგ, მეოთხე წრის გაცდენას ვერ ახერხებს. განსაკუთრებით ხელმოცარული შარშან დარჩა, როდესაც მეოთხე წრის შეხვედრაში, ბურთის გათამაშების წაგებით გაწბილებულმა, ბურთი კორტის მიღმა დაარტყა (არა ძლიერად) და ის შემთხვევით ხაზის მსაჯს მოხვდა. ამის გამო, მას ტურნირი დაატოვებინეს.

ცნობისათვის, ერთ სეზონში დიდი სლემის ოთხი ტურნირი მხოლოდ ხუთ ჩოგბურთელს აქვს მოგებული. მათგან ორი მამაკაცია. როდ ლეივერმა ეს ორჯერ (1962 და 1969 წლებში) შეძლო. ერთხელ კი - დონ ბაჯმა (1938 წელს). ქალთა შორის სლემი შესრულებული აქვთ: ამერიკელ მორინ კონოლის (1953 წელს), ავსტრალიელ მარგარეტ სმიტ კორტს (1970 წელს) და გერმანელ შტეფი გრაფს (1988 წელს).

0.147063