ჩოგბურთი

1:43 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი აშშ-ის ღიას გამოტოვებს

სერენა უილიამსმა გამოაცხადა, რომ მუხლის დაზიანებული მყესის გამო, აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშს ვერ შეძლებს. სერენას ტრავმა დიდი ხანია აწუხებს და მისი ფლეშინგ მიდოუსისთვის მოშუშება ვერ მოასწრო.

39 წლის სერენას ამერიკული დიდი სლემის ტურნირი ექვსჯერ აქვს მოგებული. სულ კი მის ანგარიშზე, ამ სერიის 23 ტიტულია. აღნიშნული ტრავმის გამო, ის უიმბლდონს პირველივე წრეში გამოეთიშა და ვერც ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშა. ახლახანს ცინცინატის მასტერსიც გამოტოვა, რომელიც აშშ-ის ღიას წინ, ბოლო მოსამზადებელი ეტაპია.

„ფრთხილი განსჯისა და ექიმების რჩევის შემდეგ, აშშ-ის ღია პირველობის გამოტოვების გადაწყვეტილება მივიღე. ეს საჭირო იყო, რათა სხეულისთვის სრულად მოშუშების საშუალება მიმეცა. ნიუ იორკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ქალაქი და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია, სადაც თამაში მსიამოვნებს“, - განაცხადა უილიამსმა.

ამგვარად, აშშ-ის ღია პირველობას კიდვ ერთი ვარსკვლავი დააკლდა. უილიამსამდე ტურნირს ტრავმების გამო, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და დომინიკ თიმი (მოქმედი ჩემპიონი) გამოაკლდნენ.

შეგახსენებთ, რომ სერენას დიდი სლემის 24-ე ტიტულის მოპოვება სურს, რითაც ლეგენდარულ ავსტრალიელ მარგარეტ კორტის მიღწევას გაიმეორებს. სერენას წლები ემატება (მალე 40 წელი შეუსრულდება) და ამ მიზნის მიღწევა სულ უფრო გაუძნელდება.

უილიამსმა დიდი სლემის 23-ე ტიტული 2017 წელს, ავსტრალიაში მოიპოვა. ოთხი წლის წინათ მას გოგონა, ოლიმპია შეეძინა. და მას შემდეგ, დიდი სლემის ოთხი ტურნირის ფინალს მიღწია, მაგრამ კორტი ოთხივეჯერ წაგებულმა დატოვა. თანაც, ოთხივე ფინალი ისე დათმო, სეტიც არ მოუგია.

აშშ-ის ღია პირველობა ორშაბათს დაიწყება.

0.146949