ფეხბურთი

17:59 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "მბაპეს "რეალში" წასვლა უნდა, მაგრამ ისინი უკანონოდ იქცევიან!"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ კილიან მბაპეს „რეალში“ წასვლა უნდა და ესპანური გრანდისგან წინადადებაც მიიღეს. თუმცა, ბრაზილიელის თქმით, ეს შეთავაზება საკმარისი არ არის და „სამეფო კლუბი“ უკანონოდ იქცევა.

როგორც ლეონარდომ აღნიშნა, ისინი მბაპეს უფასოდ არ შეელევიან და არც იმაზე ნაკლებ ფასში, ვიდრე თავად გადაუხადეს „მონაკოს“ 2017 წელს (180 მილიონი ევრო და პლუს ბონუსი).

„ჩვენ არავის ვიჭერთ. თუ ვინმეს წასვლა უნდა და ჩვენი პირობები დაკმაყოფილდება, ეს შესაძლებელია. ის დარჩება ან წავა, თუმცა მხოლოდ ჩვენთვის სასურველი პირობებით, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მოთამაშე. არ ვაპირებთ ბოლო ერთ კვირაში ჩვენი გეგმები შევცვალოთ. ამ ზაფხულს ჩვენს ფეხბურთელებთან ერთად ზღაპარი შევქმენით და არავის მივცემთ უფლებას ის გაანადგუროს. მათი შეთავაზება შორის არის იმისგან, რასაც დღეს კილიანი წარმოადგენს. ჩვენ ამ თანხის ნაწილი „მონაკოს“ უნდა გადავუხადოთ და გვჯერა, რომ ეს წინადადება საკმარისი არ არის.

ორი წელია მადრიდის „რეალი“ არასწორად იქცევა, უკანონოდ, კონტაქტობს მის გარემოსთან, მის ოჯახთან და მათთან, ვინც კილიანთან მუშაობს. დაუშვებელია იმ შეთავაზების გაკეთება, რომელიც მათაც იციან, რომ საკმარისი არ არის. ყველაფრის დასტური ის არის, რომ შეთავაზება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირით ადრე გააკეთეს, როცა კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს იწურება და ცხადია, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ის უფასოდ ჩაიგდონ ხელში. მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის. ბოლო ვადაა 31 აგვისტოს შუაღამე, სატრანსფერო ბაზარი ასეთია. არ დავუშვებთ იმას, რომ იმაზე ნაკლებად გავყიდოთ, ვიდრე ვიყიდეთ, მითუმეტეს, რომ ფულის ნაწილი „მონაკოსთვის“ კიდევ გადასახდელი გვაქვს.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო კილიანის შენარჩუნება, ეს ყოველთვის იყო ჩვენი მიზანი და ახლაც არის. ორი დიდი შეთავაზება გავუკეთეთ, ერთი ორი თვის წინ, მეორე სულ ახლახან. გვინდა მას ვაჩვენოთ, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, პროექტის ცენტრშია, მაგრამ არა პროექტზე მაღლა.

კილიანს წასვლა უნდა, ეს აშკარადაა. ბევრი ვისაუბრეთ, ის ყოველთვის ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა, რომ კლუბს უფასოდ არ დატოვებს, ეს არის ის, რასაც ყოველთვის გვეუბნება“, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მადრიდის „რეალმა“ ფრანგულ კლუბს 160 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ წინადადება დაიბლოკა, მოსალოდნელია, რომ ესპანელები შეთავაზებას გაზრდიან. ყველაფერი კი უახლოეს ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს.

0.104552