ბლოგი

13:33 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაება დიდი ჰაქანისა

ეს ბიჭი თურქთაგან თავის დროზე ყველაზე პოპულარული იყო. იმდენად პოპულარული, რომ როდესაც ევროპაში გადაბარგდა, ფანი ქალების არმიას ძლივს ემალებოდა და მისი მოტრფიალენი ვარჯიშებზეც კი აწუხებდნენ და ხელს უშლიდნენ ნორმალურად ევარჯიშა. მას ხვდებოდნენ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, მასთან ფოტოს გადაღებაზე ოცნებობდნენ ფეხბურთში ახლადფეხშედგმული ბავშვები და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სწორედ ის იყო თანამედროვე თურქეთის სახე და სავიზიტო ბარათი.

ალბათ მიხვდით, რომ ყველა დროის საუკეთესო თურქ ფეხბურთელზე, ლეგენდარულ ჰაქან შუქურიზე ვსაუბრობთ, რომელმაც ჯერ უსახელო “გალათასარაის“ ევროპული თასი მოაგებინა და შემდეგ თურქეთის ნაკრების მიერ 2002 წლის მუნდიალზე მოპოვებულ საამაყო მესამე ადგილში დაიდო ლომის წვლილი.

მაგრამ მოხდა ყოვლად წარმოუდგენელი რამ. თურქეთში პოლიტიკური ამბოხი დაიწყო, ის ამბოხი მალევე ჩაფლავდა და გამარჯვებულმა მოქმედმა ხელისუფლებამ ყველა იმ ადამიანზე გამოაცხადა პოლიტიკური დევნა, რომლებიც ოპოზიციის ლიდერის, ამჯერად აშშ-ში მცხოვრები აბდულა გიულის მხარდამჭერი იყო. ასეთ ადამიანებს შორის აღმოჩნდა ჰაქან შუქური, რომელსაც ყველაფერი კონკიას ზღაპარივით თავზე ჩამოექცა და ქონება, ავტორიტეტი, წარმატებები “კვახად ექცა“. ჰაქანს თურქეთში არსებული ყველა საბანკო ანგარიში დაუბლოკეს მასზე სასამართლომ დაკავების სანქციაც კი გასცა და ვეტერანი მობურთალი იძულებული გახდა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგებულიყო.

უიღბლო ლეგანდას არც ამერიკაში ელოდა ბედნიერი წუთები. ჯერ იყო და ერთ-ერთ პატარა კაფეტერიაში მუშაობდა მიმტანად, შემდეგ ეს კაფე შეიძინა და ცდილობდა მისი ავტორიტეტიის დახმარებით ემუშავებინა, მაგრამ როგორც ჩანს არ აღმოაჩნდა ბიზნესის ნიჭი. შუქურის კაფე მალევე გაკოტრდა და საკუთარი თავი და ოჯახი რომ ერჩინა, არალიცენზირებული ტაქსის, ე.წ. “უბერის“ მძღოლი გახდა. როგორი ამბავია, ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით იძახებ ტაქსის და ხედავ, რომ მძღოლი ის კაცია, რომელსაც თავის დროზე მრავალი გოლი ევროპის საუკეთესო კლუბების კარში აქვს გატანილი და რომელმაც თურქეთის ნაკრები ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია...

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჰაქანს მომტერნეები არამხოლოდ სამშობლოში, ამერიკაშიც ბევრი აღმოაჩნდა. შუქური კანტი-კუნტად მასთან მისულ ჟურნალისტებთან ცრემლმორეული ამბობს ხოლმე, რომ ამერიკაში მცხოვრები თურქების ნაწილი თურქეთის მოქმედი ხელისუფლების პროპაგანდის ქვეშაა. ეს ხალხი ხელისუფლების ბრმა მხარდამჭერია და მას ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას. ჰაქანს ახსოვს თანამემამულეებთან ყოველი შეხვედრა, როდესაც “თურქეთის მოღალატეს“ ეძახდნენ და არ ისმენდნენ მის თავის მართლებას და ახსნას, რომ სამშობლოსთვის არასოდეს უღალატია. შუქური იხვეწება, რომ ბოლოს და ბოლოს აუხსნან, რაში მიუძღვის ბრალი და ოცნებობს იმ დროზე, როდესაც სამშობლოში უპრობლემოდ ჩასვლას შეძლებს.

თურქული ფეხბურთის ლეგენდას განსაკუთრებით ტანჯავს ის, რომ მამამისი თურქეთში დღემდე დაპატიმრებულია. უფროსმა შუქურმა წინააღმდეგობა გაუწია სასამართლოს აღმასრულებლებს, როდესაც ისინი ჰაქანის ოფლით ნაშოვნი ქონების კონფისკაციას ახდენდნენ. როგორც ჩანს, ჰაქანის მამაც შვილივით ჯიუტი კაცია. დიდი ნიჭთან ერთად სწორედ ამ სიჯიუტემ და შრომისმოყვარეობამ აქცია ჰაქან შუქური დიდ ფეხბურთელად. დიდ ფეხბურთელად, რომელიც დღეს ყველას მიავიწყდა...

0.149348