ჩოგბურთი

1:21 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ჯერ არ იცის, როდის დაბრუნდება

როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ როდის დაუბრუნდება კორტს. აშშ-ის ღია პირველობის დაწყებამდე მცირე დრო რჩება, მაგრამ ჩოგბურთის ლეგენდამ, ვინც უკვე 40 წლისაა, ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა მასზე.

ფედერერს ამ სეზონში მხოლოდ 13 შეხვედრა აქვს გამართული. უიმბლდონის შემდეგ, მან ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვა, რათა ნიუ იორკის დიდი სლემის ტურნირისთვის მომზადებულიყო და მუხლი, რომელზეც ორი ოპერაცია აქვს გაკეთებული, დაესვენებინა.

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს 40 წელს ახლახანს შეუსრულდა. ის ამბობს, რომ ადრე მცირე ტრავმების მოშუშებას ორი დღე ჰყოფნიდა, მაგრამ ასაკში ამისთვის ორი კვირაც არაა საკმარისი.

აშშ-ის ღია პირველობა 30 აგვისტოს დაიწყება, მაგრამ ფედერერს ჯერ არ გადაუწყვეტია, ითამაშებს თუ არა იქ. „კარგად ვარ. უბრალოდ, დავისვენე. მუხლის გამო, დიდი ხანი არ მივარჯიშია. უიმბლდონის შემდეგ იძლებული ვიყავი, აქტივობა შემეწყვიტა“, - ამბობს შვეიცარიელი, ვინც მალე თავის ექიმებს და გუნდს შეხვდება და გადაწყვეტილებას მათთან ერთად მიიღებს.

ფედერერმა უიმბლდონზე მეოთხედფინალს მიღწია, მაგრამ იქ წაგების შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიადაზეც უარი თქვა და ტორონტოს მასტერსსა და ცინცინატის ტურნირზე გამოსვლისგანაც თავი შეიკავა. ეს ორი ტურნირი კი, აშშ-ის ღიას პირველობისთვის მოსამზადებლად ბოლო ეტაპებია.

ფედერერი ამბობს, რომ გაურკვევლობასთან შეგუება უჭირს: „ადრე სხვანაირად იყო. მარტივ კითხვაზე მიწევდა პასუხი - რეიტინგში რომელ ადგილზე ვარ? რომელ ტურნირზე უნდა ვითამაშო შემდეგში? ახლა საქმე უფრო რთულადაა: ვარჯიშს რომ დავიწყებ, თავს როგორ ვიგრძნობ? რა მიზნები მაქვს? როგორ შევუხამო ეს ყველაფერი ოჯახთან ყოფნას? ენთუზიაზმი ახლა მეტი მაქვს, ვიდრე ადრე. მაგრამ დამოკიდებულებაა განსხვავებული. საერთო ჯამში, ახლა სულ სხვა სიტუაციაა, ვიდრე 10 წლის წინათ იყო“.

ფედერერს კარიერაში დიდი სლემის 20 ტურნირის ტიტული აქვს მოპოვებული. ამდენივეა მისი ახალგაზრდა მეტოქეების, რაფაელ ნადალის და ნოვაკ ჯოკივიჩის ანგარიშზე.

0.122839