ჭიდაობა

14:39 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (67 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ფრანკ შტებლერს დაუპირისიპირდა, რომელიც სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონია.

ზოიძემ ვერ მოახერხა გამოცდილი მეტოქის ძლევა და მედლის გარეშე დარჩა. პირველივე პერიოდში რამაზი გააფრთხილეს, მეტოქემ კი 4-ქულიანზე დაატრიალა და 5:0 დაწინაურდა. მართალია, ქართველმა ფალავანმა ერთი ქულით ჩამორჩენა იქვე შეამცირა, მაგრამ სოლიდური ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრა. მეორე პერიოდში 25 წლის ჩვენებურმა კიდევ 3 ქულა მოიპოვა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა მაინც დამარცხდა - 4:5.

შედეგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 1 ვერცხლით დაასრულა, რომელიც იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა.

ოლიმპიადაზე ზოიძემ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა 3:2 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში აშკარა უპირატესობით ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრ აკერ ალ ობაიდის აჯობა (10:0), ხოლო ნახევარფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან 1:6 წააგო და ფინალში ვერ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 6 მედალია. ოქროს ლაშა ბექაური დაეუფლა, ვერცხლის მედლები ვაჟა ვარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და იაკობ ქაჯაიმ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა.

0.172422