ფეხბურთი

0:14 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ცუდი სტარტი ახალ სეზონში: საფრანგეთის სუპერთასი "ლილს" დარჩა

საფრანგეთის სუპერთასი „ლილმა“ მოიგო - ისტორიაში პირველად. ჩემპიონი „ლილი“ თელ-ავივში სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში თასის გამარჯვებულ „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდა, რომელსაც ბოლო 8 წელიწადში ზედიზედ ჰქონდა ეს ტიტული მოგებული და მეცხრე გამარჯვებასაც უმიზნებდა, მაგრამ ხელი მოეცარა.

პსჟ-ს ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ არც იმდენი, რომ მაურისიო პოჩეტინომ წაგება ამას დააბრალოს. უბრალოდ, პარიზულ გუნდზე უფრო მოტივირებული და ორგანიზებული „ლილი“ იყო, რომელმაც დამსახურებულად მოიგო.

მატჩის ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა ნახევარმცველმა შეკამ 45-ე წუთზე გაიტანა, შორიდან, ძალიან ლამაზი დარტყმით. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა და ისტორიაში პირველად „ლილი“ საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

„პარი სენ ჟერმენმა“ კი 2021-2022 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. ცხადია, როდესაც გუნდს ძირითადი ბირთვი დაუბრუნდება, დასკვნებიც მერე უნდა გაკეთდეს, მაგრამ კლუბის იმიჯზე კიდევ ერთი წარუმატებლობა კარგად ნამდვილად არ აისახება.

თეგებიპსჟლილი
0.156329