ბლოგი

13:30 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალია-ინგლისი -  ისტორიაში პირველად!

დღეს ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და იტალიის ნაკრებები ითამაშებენ. ევროპის ჩემპიონატის შექმნიდან ზუსტად 61 წელი გავიდა და ფეხბურთის სამშობლო არათუ ფინალში იტალიას არ შეხვედრია, არამედ საერთოდ პირველ ფინალს თამაშობს. როდესაც იაზრებ თუ რაოდენი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას მრავლისმნახველი ინგლისელი ქომაგებისთვის, ნამდვილად არ გინდა წარმოიდგინო თავი გარეთ საუთგეითის ადგილზე, რომელსაც მხოლოდ ფინალამდე გაღწევისთვის ტაშს არავინ დაუკრავს და ჩემპიონობის იშტაზე მოსული ინგლისელები მწრთვნელს ერთადერთ დადებით შედეგად მხოლოდ და მხოლოდ ალბიონელთა გაჩემპიონებას ჩაუთვლიან.

21-ე საუკუნეში იტალია უკვე მეოთხედ ითამაშებს დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალს. ჩვენი საუკუნის გარიჟრაჟზე - 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მაგარი იტალიის ნაკრები ორი წლის წინ გამსოფლიოსჩემპიონებულ საფრანგეთთან დამარცხდა, რამაც იტალიელებზე საბოლოოდ მაინც დადებითად იმოქმედა და უკვე 2006 წელს, “სკუადრა აძურამ“ გერმანიაში გამართული მუნდიალზე საფრანგეთს ექვსი წლის წინანდელი წყენა გაუხსენა და კანავარომ, დელ პიერომ, ტოტიმ და იმ ფორმაციის იტალიის ვარსკვლავმრავალმა ნაკრებმა მეოთხედ (1934, 1938 და 1982 წლების შემდეგ) შეძლო მსოფლიოს ჩემპიონობა.

ამის შემდეგ გავიდა კიდევ ექვსი წელი და “ევრო 2012“-ზე იტალიამ კიდევ ერთხელ შეძლო ფინალში გასვლა. გავიდა და იქ ზე-მძლავრი ესპანეთი დახვდა, რომელმაც კიევის ცენტრალურ სტადიონზე იტალიის ლეგენდარული დაცვა იავარქმნა, “სკუადრა აძურა“ 4:0 დაამარცხა, რასაც აპენინელთა მაშინდელი მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის გუნდიდან გაპანღურება მოჰყვა.

როგორც უკვე ვთქვით, დღეს იტალიისთვის მეოთხე ფინალია 21-ე საუკუნეში. წინა სამიდან იტალიამ მხოლოდ ერთში გაიმარჯვა და ბედის ირონიით, ფინალში ორჯერ სწორედ ევროპის ჩემპიონატზე დამარცხდნენ. იტალიაში ამბობენ, რომ უკვე მოვიდა გამარჯვების დრო და ევროპის ჩემპიონატი მესამედ არ უნდა დათმონ. მაგრამ ამ დროს გახსენდება ინგლისი და ინგლისელი ფანები, რომლებიც ამ დღეს 61 წელია ელიან და “იტალიური ლოგიკაც“ კარგავს ძველებურ ელვარებას.

პროგნოზები ზოგადად უმადური საქმეა და ხშირად მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებებს ემყარება. განსაკუთრებით როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვსაუბრობთ და ორ ისეთ გუნდზე, რომელთაგან ერთი ფინალში პირველად ითამაშებს, მეორე კი მისთვის ცუდი ტრადიციის - ზედიზედ წაგებული ორი ფინალისსასიკეთოდ შეცვლას ეცდება. სწორედ ამიტომაც, ცნობილი მეპროგნოზე და ზოგადად, ფეხბურთზე ლაყაფის მოყვარე ხალხიც კი თავს იკავებს მკვეთრი შეფასებებისაგან.

არავინ იცის ფინალშიც თუ შეძლებს ფედერიკო კიეზა ძველებურად გაბრწყინებას, კვლავ აჯობებს თუ არა ბარელა საკუთარ თავს, გააგრძელებს თუ არა სტერლინგი ინგლისელთა მხსნელად მოვლენას, დაამტკიცებს თუ არა ჰარი კეინი, რომ მათთვის დიდებული 1966 წლის მუნდიალის ლეგენდების შემდეგ სწორედ ისაა ყველაზე დიდი ინგლისელი შემტევი. ისიც არ ვიცით, ჯანლუიჯი დონარუმაში კვლავ თუ ჩასახლდება დიდი ჯანლუიჯის - ბუფონის სული და ისევ აიღებს თუ არა წარმოუდგენლად რთულ ბურთებს. ისიც გასარკვევია, რა აჯობებს - მანჩინის თავშეკავება, ჩუმჩუმელობა და იქედნური ღიმილი თუ გარეთ საუთგეითის მოხერხება, გამარჯვებისაკნ სწრაფვის რაღაც ზეადამიანური ვნება და წმინდა ინგლისური თვითრწმენა.

ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცით და ადვილად საპროგნოზოა ისაა, რომ დღეს თბილისის დროით 23 საათზე ძალიან მაგარი ფეხბურთი უნდა ვნახოთ. დიდი და ნამდვილი ფეხბურთი, რომელიც როგორც ჩანს ყველას ძალიან მოგვნატრებია!

0.151572