ფეხბურთი

1:15 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გავიდა

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის პირველი ფინალისტი „მანჩესტერ სიტია“. ინგლისურმა კლუბმა ნახევარფინალური დუელი „პარი სენ ჟერმენს“ პირწმინდად და კითხვების გარეშე მოუგო.

პეპ გვარდიოლას გუნდს 180 წუთის განმავლობაში სერიოზული უპირატესობა ჰქონდა, უკეთესი და უფრო ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალში პირველად გავიდა.

„პარი სენ ჟერმენს“ პირველი მატჩი შინ 1:2 ჰქონდა წაგებული და მინიმუმ 2 გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ორ გოლს ვინ ჩივის, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს კარშიც არ დაურტყამს! „მანჩესტერ სიტის“ კი შეეძლო უფრო დიდი ანგარიშით მოეგო. რიად მაჰრეზმა ედერსონის დიდებულად დაწყებული შეტევა გოლით დაასრულა და ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ ერთი შესანიშნავი კომბინაცია დააგვირგვინა და დუბლი გაიფორმა.

მაჰრეზმა ნახევარფინალში პსჟ-ს 3 გოლი გაუტანა და ცალსახად ამ მატჩების მთავარი პირი გახდა. პსჟ-ს ბოლოს ანხელ დი მარია გაუძევეს და თამაში კაცნაკლულმა დაასრულა. ფრანგებს შანსი პრაქტიკულად არ ჰქონიათ. „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონშ 12 მატჩიდან 11 მოიგო (1 ფრე), რაც დიდებული შედეგია და მათ შორის ზედიზედ ბოლო 7, რითაც პირველი ინგლისური გახდა, რომელმაც ეს მოახერხა.

„მანჩესტერ სიტი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში! ამრიგად, „ქალაქელთა“ დიდი ხნის ოცნება ასრულდა და მანჩესტერელებს ტრიუმფამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებთ. „მანჩესტერ სიტი“ ევროთასის ფინალში 1970 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს და ფეხბურთის ისტორიაში ფინალებს შორის 51-წლიანი წყვეტა არავის ჰქონია. უნდა ვახსენოთ პეპ გვარდიოლაც - ის ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა...

„მანჩესტერ სიტი“ უკვე სტამბოლშია და მეტოქეს უნდა დაელოდოს, რომელიც ან ინგლისური „ჩელსი“ იქნება, ან ესპანური „რეალი“.

„მანჩესტერ სიტი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:0 (1:0)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, ზინჩენკო; ბერნარდო სილვა (სტერლინგი 82), ფერნანდინიო, გიუნდოგანი; მაჰრეზი, დე ბრუინი (გაბრიელ ჟესუსი 82), ფოდენი (აგუერო 85)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი; ფლორენცი (დაგბა 75), მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო (ბაკერი 83); ერერა (დრაქსლერი 62), პარედესი (დანილო 75); დი მარია, ვერატი, ნეიმარი; იკარდი (კინი 62)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 მაჰრეზი (11), 2:0 მაჰრეზი (63)

გაფრთხილება: ზინჩენკო (72), დე ბრუინი (74) - ერერა (22), ვერატი (71), კიმპემბე (87), დანილო (89)

გაძევება: დი მარია (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 5 (0) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

0.161733