ფეხბურთი

19:32 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა დი მარციოს სტატია ხვიჩაზე: "კვარცხელია - ქართული ფეხბურთის ახალი იმედი"

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ობიექტივში მოხვდა. მან ვებგვერდ Calciomercato-ზ სტატია გამოაქვეყნა 20 წლის ქართველზე და მისი თვისებების შესახებ ისაუბრა.

კვარაცხელია - ქართული ფეხბურთის ახალი იმედი - ასეთია დი მარციოს წერილის სათაური, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„1300 დღე. დიდი დრო გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ბოლო გოლიდან, სანამ ხვიჩა კვარაცხელიამ არ დაარღვია ეს სერია ესპანეთთან კვირას გამართულ მატჩში. გოლი, რომელიც საბოლოო შედეგიდან გამომდინარე არც ისე მნიშნელოვანი გამოდგა, მაგრამ ბევრს ნიშნავდა თვითონ გოლის ავტორისთვის, რადგან კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ახალი იმედია.

2001 წელს დაბადებული, ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი. კვარაცხელია 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი მოთამაშეა, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 18 წლისა და 3 დღის ასაკში შედგა, სადაც უკვე 7 მატჩში მოასწრო 2 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება.

კვარაცხელია არის გარემარბი, რომელსაც შეუძლია ითამაშოს, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ, 4-3-3 და 4-2-3-1 სქემაში. ფიზიკურად ძლიერი, მაღალი კიდურებით, 183 სმ-ის სიმარღლის. მისი ბუნებრივი ფეხი მარჯვენაა, მაგრამ მარცხენა ფეხსაც, რომელიც მისთვის შედარებით სუსტია, ძალიან კარგად იყენებს. მას ურჩევნია ითამაშოს მარცხენა გარემარბად, რათა ისარგებლოს თავისი ძლიერი ფეხით და ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწიოს. ის შესანიშნავად ავსებს სივრცეებს და შორეული ძელისკენ იდეალურად ურტყამს.

ქართველი ფიზიკურად ძლიერია, კარგი კოორდინაციით გამოირჩევა და ფეხებში ასაფეთქებელი ძალა აქვს. ძალა, რომელიც გადაიქცევა შესანიშნავ აჩქარებაში და ტემპის შეცვლაში, თუნდაც მეტოქეების გარემოცვაში. კვარაცხელია დაჯილდოებულია შესანიშნავი ტექნიკით: გამოირჩევა საოცარი დრიბლინგით, როგორც მოედნის დახურულ, ისე ღია სივრცეებში. შესანიშნავი იცვლის სირბილის დროს მიმართულებას და დამანგრეველია თავისუფალ სივრცეებში, როდესაც უტევს. მოთამაშე, რომელსაც არაპროგნოზირებადი მანევრები აქვს, ქართველი ასევე დაჯილდოებულია ორივე ფეხით ბალისტიკური უნარებით. უპირველეს ყოვლისა, უნარები, რომელშიც კვარაცხელიას გაუმჯობესება სჭირდება, ორია: დაცვითი ფაზა და თამაშის განმავლობაში სტაბილურობა.

ღირებულება? დაახლოებით 25 მილიონი ევრო. ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული. კვარაცხელია რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ევროპული პერსპექტივაა საქართველოსგან, სადაც ოცნებობენ კალაძის შემდეგ ევროპულ ელიტაში კიდევ ერთი ფეხბურთელის ყოლაზე“, - წერს დი მარციო.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი (1 საგოლე პასში მოპოვებული პენალტი იგულისხმება). ყაზანის "რუბინში" ის 2019 წლიდან თამაშობს და შარშან რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და "რუბინის" სეზონის მოთამაშე გახდა.

0.153761