ფეხბურთი

11:11 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის ნაკრებთან რევანშისთვის

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩს სტუმრად საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს და მარტის სესიასაც დაასრულებს.

შვედეთთან და ესპანეთთან „ჯვაროსნებმა“ ბევრი იბრძოლეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს და ჯერჯერობით ორი ტურის თავზე უქულოდ იმყოფებიან. თუმცა, პოზიტიური ნიშნები ამ ორ თამაშში მაინც იყო და ცხადია, ჯერ ვილი სანიოლის სამუშაოს შეფასება ნაადრევია. ის ახლა ეცნობა გუნდს, სიტუაციას და ფეხბურთელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მეტოქეებთან შედარებით ყველაზე მძიმე და დატვირთული კალენდარი გამოუვიდა. ამდენად, 6 დღეში ესოდენ სამი რთული თამაშის ჩატარება დიდ ენერგიას მოითხოვს. შესაძლოა, შემადგენლობაში წინა მატჩთან შედარებით რამდენიმე ცვლილებაც განხორციელდეს, რაზეც წინა შეხვედრის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმაც ისაუბრა. მაშინ მან ისიც თქვა, რომ საბერძნეთში ქულებისთვის მიდიოდნენ. გუშინ კი, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არ დამალა, რომ რთული თამაშის მოლოდინშია, მაგრამ იგივე ვითარებაშია საბერძნეთიც და ადვილი თამაში არც მათ ელოდებათ.

საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება, რომელიც დისკვალიფიცირებულია, გუნდს სალონიკიში დავით კობოური და ირაკლი აზაროვიც გაყვნენ, რომლებიც ორი დღის წინ გამოიძახეს. თუმცა, რამდენად მიეცემათ მათ თამაშის შანსი, ძნელი სათქმელია.

საქართველოს ნაკრებს საკმაოდ წარუმატებელი პერიოდი აქვს და ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია - 3 ფრე და 4 წაგება. საბერძნეთის ნაკრები პირიქით: ჯონ ვან ‘ტ სხიპის გუნდი პროგრესის გზას დაადგა და ბოლო 7 თამაშიდან 4-ჯერ იმარჯვა, სამჯერაც ფრეს დასჯერდა. სამი დღის წინ ბერძნებმა „არენა ტუმბაზე“ ჰონდურასის ნაკრები 2:1 დაამარცხეს. ვინაიდან, ელადელებს სპარინგი ჰქონდათ, საქართველოზე უფრო დასვენებულები არიან და მოსამზადებლადაც მეტი დრო ჰქონდათ, რაც ცხადია მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

თუმცა, ყველა ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ბრძოლის გარდა არაფერი დარჩენია, რადგან ზედიზედ მესამე წაგება გუნდის მენტალობაზე კარგად ნამდვილად არ იმოქმედებს, იმის მიუხედავად, რომ გუნდის აღებული გეზი ამ მატჩის შედეგით არ უნდა განისაზღვროს.

ისტორია: 7 თამაში - 0 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, 5:14 ბურთების ბალანსი

საქართველოსა და საბერძნეთის დუელები სათავეს 1996 წლიდან იღებს. 8 მაისს, იანინაში სპარინგშეხვედრა ბერძნებმა 2:1 მოიგეს. ანგარიში მე-15 წუთზე გოჩა გოგრიჭიანმა გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში დემის ნიკოლაიდისმა დუბლი შეასრულა.

მომდევნო 6 დაპირისპირება უკვე ოფიციალური სახის იყო. ევრო 2000-ის შესარჩევში, 1998 წლის 14 ოქტომბერს, საბერძნეთმა ათენში ნიკოს მახლასის, ნიკოს ლიბეროპულოსისა და მარინოს უზუნიდისის გოლებით ადვილად იმარჯვა (3:0), ხოლო 1999 წლის 5 ივნისს, თბილისში ანგარიში თემურ ქეცბაიამ 55-ე წუთზე გახსნა. თუმცა, ოთარ ხიზანეიშვილის ავტოგოლითა და ნიკოს მახლასის გოლით სტუმრებმა თამაში ბოლო 5 წუთში მოიგეს.

შემდეგ იყო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. 2005 წლის 25 მარტს „მიხეილ მესხზე“ 22-ე წუთზე საქართველოს ნაკრები მალხაზ ასათიანმა დააწინაურა, მაგრამ როგორც საბერძნეთთან მატჩების სცენარს ახასიათებდა, შემდეგ მეტოქე ეუფლებოდა უპირატესობას. მიხალის კაპსისმა, ცისის ვრიზასნმა და სტელიოს იანაკოპულოსმა 53-ე წუთისთვის ყველაფერს წერტილი დაუსვეს (1:3). იმავე წლის 12 ოქტომბერს, პირეოსში ოტო რეჰაგელის გუნდმა დიმიტრის პაპადოპულოსის სწრაფი გოლით 1:0 მოიგო.

ბოლოს ჩვენი გზა ელადელებთან ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში გადაიკვეთა. შესარჩევი ეტაპის პირველი ტურში, პირეოსში, თემურ ქეცბაიას ნაკრები მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა დააწინაურა. უპირატესობა ვერც ამჯერად შევინარჩუნეთ, მაგრამ დადებითი ის იყო, რომ არ წავაგეთ. 72-ე წუთზე ნიკოს სპიროპულოსმა გაათანაბრა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან არ წააგო.

ბოლო დაპირისპირება 2011 წლის 11 ოქტომბერს, „მიხეილ მესხზე“ შედგა და ტრადიცია არ დაირღვა - ვიგებდით და წავაგეთ. დავით თარგამაძემ მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ 79-ე და 85-ე წუთებზე გიორგიოს ფოტაკისმა და ანგელოს ხარისტეასმა საბერძნეთს მოაგებინა.

ამრიგად, საბერძნეთთან უცნაური სტატისტიკა გვაქვს იმ კუთხით, რომ 7 მატჩში 5 გოლი გავუტანეთ, რომლებიც 5 სხვა და სხვა თამაშზე ნაწილდება და ხუთივე შემთხვევაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, ანუ თამაშს იგებდა. თუმცა, ვერცერთხელ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, 4-ჯერ საერთოდაც წააგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

როგორც ხედავთ, საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთვის გადაულახავ და უფრო მეტიც, ამოუხსენელ გამოცანად იქცა. თუმცა ოდესღაც ყველაფერი სრულდება და როდის თუ არა ახლა? ეს საბერძნეთის ნაკრები საუკეთესოთა რიგებს ნამდვილად არ მიეკუთვნება და ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია. თანაც, პუბლიკის გარეშე ითამაშებს და თუ საქართველოს ნაკრებს ამბიციები ნამდვილად გააჩნია, მაშინ მოედანზე ყოველგვარი რიდის, შიშისა და სიფრთხილის გარეშე უნდა გავიდეს - იფიქროს მხოლოდ გამარჯვებაზე...

0.148371