ფეხბურთი

18:00 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მინდა, გუნდმა ისეთი დისციპლინით ითამაშოს, როგორც შვედეთთან"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის მეორე ტურში, ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა როგორც შვედეთთან განვლილ შეხვედრაზე, ისე მოახლოებულ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

„კვარაცხელიამ შვედეთთან პირველ ტაიმში თავისი ტკივილი იგრძნო, თუმცა შესვენებამდე მოედანზე დავტოვეთ და შემდეგ მისი შეცვლა გადავწყვიტეთ. ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მზად არის ხვალ, ესპანეთთან ითამაშოს. გორგი მიქაუტაძემ კუნთის ტრავმა მიიღო და ხვალ ვერ დაგვეხმარება.

ჯაბა კანკავა ტაქტიკური მონახაზის გამო შევცვალეთ. გვინდოდა ბურთზე უფრო მეტი კონტროლი დაგვემყარებინა. რაც შეეხება დებიუტანტებს, მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. ადვილი არ იყო პირველი მატჩის ჩატარება ასეთ შეხვედრაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათ დავალებას თავი კარგად გაართვეს და ამიტომ, კმაყოფილი ვარ.

რა თქმა უნდა, როგორც შვედეთთან მატჩის შემდეგ ვთქვი, ახლაც იგივეს ვფიქრობ და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. შეკრების დაწყების შემდეგ ფეხბურთელებთან მქონდა საუბარი, ჩვენ ერთად ვმუშაობთ და რაც მთავარია, ისინი ძალიან კონცენტრირებულნი არიან და ეს მუშაობის პროცესს აადვილებს. შვედეთში კარგად ვითამაშეთ და ახლაც იგივეს ველოდები. შვედეთთან მეორე ტაიმი ძალიან კარგი იყო, როგოც დაცვაში ისე ზოგადად და მინდა, მომავალშიც ასეთი ფეხბურთი ვიხილო. ოქრიაშვილი? რა თქმა უნდა, „ოქრი“ ჩვენთვის მნიშნელოვანი ფეხბურთელია და ეს სერიოზული დანაკლისია.

გრაფიკი ძალიან მჭიდროა, 6 დღეში სამი მატჩის ჩატარება გვიწევს, მაგრამ ნაკრებში ყველა ფეხბურთელი იმისთვისაა, რომ გუნდს დაეხმაროს და გამოადგეს. შემადგენლობაში ცვლილებები ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ვინც მოედანზე გავა, ყველა ბოლომდე დაიხარჯება.

რას შევცვლიდი შვედეთთან თამაშში? არაფერს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ დადებითი შედეგისთვის, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ, მეტოქემ კი ეს შეძლო, ამიტომაც მოიგო. სანაკრებო ფეხბურთი საკლუბოზე რთულია, რადგან აქ ძალიან ცოტა დროა მოსამზადებლად და მნიშვნელოვანია ფეხბურთელების სწორად შერჩევა. მინდა, რომ ნაკრებმა იგივე დისციპლინა და სულისკვეთება აჩვენოს მომავალში, რაც შვედეთთან ჰქონდა“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში სამჯერ უთამაშია, ორჯერ წააგო, ხოლო 2016 წელს თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მადრიდში იმარჯვა. აღნიშნული გუნდები ერთმანეთს 28 მარტს, 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.147974