ფეხბურთი

10:50 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ფურცელი და ჩვენი ამბიცია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებისთვის იწყება. ახალი ფურცელი ახალი მწვრთნელითა და რამდენიმე ახალი ფეხბურთელით. რაც მთავარია, ახალი, ჩვენთვის უცნობი მეტოქით.

საქართველოს ნაკრებს ისტორიაში შვედეთთან გაჯიბრების შანსი არ მისცემია და ამრიგად, წარსულიდან რაღაცაზე აქცენტირების საშუალებაც არ არსებობს. ვილი სანიოლის ქართული კარიერა კი სტოკჰოლმში აიღებს სტარტს და ცხადია, გვინდა ყველაფერი კარგად, ჩვენთვის სასიკეთოდ იყოს.

რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება და მეტიც, უტოპიად მოსჩანს, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან სტაბილური და ძლიერი შვედეთის წინააღმდეგ გამარჯვება მოვთხოვოთ. მითუფრო, რომ სანიოლს მხოლოდ 3 დღე ჰქონდა ფეხბურთელებამდე მიეტანა თავისი იდეები და სათამაშო სტილი. 3 დღე კი ზღვაში წვეთია, ეს არაფერია და მოთმინება ნამდვილად დაგვჭირდება.

„ჯვაროსნების“ რიგებში რამდენიმე საინტერესო ფიგურა გამოჩნდა. მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ვლადიმირ ვაისი რომ არ სწყალობდა, კარგად გვახსოვს და სანიოლმა მას პირველივე შეკრებაზე დაუძახა - ვნახოთ, მიეცემა თუ არა მას შანსი თავის გამოსაჩენად, მაგრამ ალბათ, მიეცემა, რადგან 6 დღეში სამი მატჩი გველოდება და როტაცია შემადგენლობას ნამდვილად დასჭირდება. თავდასხმაში ბუდუს გარდა, რაღა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ყურადღებას გიორგი მიქაუტაძე იცავს. ბელგიურ „სერენში“ მას შესანიშნავი სეზონი აქვს და დიდი იმედით შევყურებთ. რასაკვირველია, 20 წლის დებიუტანტზე ჯერ ვერ ჩამოვეკიდებით და მას მშვიდად ადაპტირება-განვითარების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. დებიუტანტები სხვებიც არიან - გიორგი მამარდაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ გიორბელიძე.

ნაკრებს ტრავმის გამო თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, დავით ხოჭოლავას კი კორონავირუსი აღმოაჩნდა და რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაშია. ისინი ვაკო გვილიამ და მამუკა კობახიძემ ჩაანაცვლა, თუმცა, 29 წლის მცველი ნაკრებს შვედეთში არ ახლავს, ესპანეთისთვის შეუერთდება. სხვა მხრივ, ყველა ფეხბურთელი, ვინც სანიოლმა ნაკრებში გამოიძახა მის განკარგულებაშია და შემადგენლობაც შეუძლია თავისუფლად შეარჩიოს. მოედანზე იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ნოემბრის სანაკრებო მატჩები კორონავირუსის გამო გაუცდა და „რუბინის“ შემტევი შეტევაში ალბათ მთავარი ჯოკერი იქნება. სხვა მხრივ, სანიოლის პირველი ქართული შემადგენლობა ჩვენი ვერსიით ასეთი იქნება:

(4-3-3): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე, კანკავა, კიტეიშვილი, აბურჯანია; ლობჟანიძე, ზივზივაძე, კვარაცხელია.

რაღა თქმა უნდა, არის სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ფეხბურთელების სათამაშო ფორმიდან და კონტიგენტიდან გამომდინარე ეს შემადგენლობა ალბათ ყველაზე მეტად ოპტიმალური იქნება.

ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქე შეაქო და თქვა, რომ შვედეთი ძალიან ძლიერი, გამოცდილი გუნდის მაღალი დონის ბევრი ფეხბურთელით, მაგრამ იქვე დასძინა, რომ საქართველო სტოკჰოლში თავისი ამბიციებითაა ჩასული და ეცდება კარგი ფეხბურთი ითამაშოს, რაც მთავარია დადებით შედეგს მიაღწიოს. სხვათა შორის, ადგილობრივი ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მისთვის ფრე კარგი შედეგი, ფრანგმა უპასუხა, რომ ფრე არასდროს არის კარგი შედეგი და გუნდი მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდეს. წინასამატჩო შემართება ძალიან კარგია, ახლა მთავარია რა იქნება მინდორზე, ურთულეს მეტოქესთან.

შვედეთის ნაკრებს გასული წლის ბოლოს წარუმატებელი მატჩები ჰქონდა, მაგრამ ეს ამ გუნდის კლასს არ აკნინებს და რაც მთავარია, დაბრუნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი! ლეგენდარული ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში დღეს 2016 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს და მოტივირებული იქნება. იბრა კარგ ფორმაშიც არის, მაგრამ შეუჩერებელი არავინაა. რაც უნდა იყოს, შვედეთის ნაკრები მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი არ არის (რაც სხვათა შორის, სანიოლმაც აღნიშნა) და მას უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. შედარებისთვის, საქართველოს ნაკრების მთლიანი ღირებულება 35 მილიონი ევროა - შვედეთის ნაკრების შემტევი დეიან კულუშევსკი კი მარტო ფასობს 45 მილიონ ევროდ (ის სკანდინავიელთა ყველაზე ძვირადღირებული წევრია). ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, კულუშევსკის „იუვენტუსში“ ცუდი სეზონი აქვს და მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა, რის გამოც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. თუმცა, ძალიან ახალგაზრდაა, 20 წლის და ნიჭიერი მართლაც არის, რაც გასულ სეზონში დაამტკიცა. საინტერესო ფიგურაა „რეალ სოსიედადის“ ბომბარდირი ალექსანდერ ისაკი, რომელიც დიდი ალბათობით, თავდასხმაში ზლატანს შეუწყვილდება. მოკლედ, შვედეთის ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ თამაში ყველასთან შეიძლება და ძალიან გვინდა, გუნდი მოედანზე მაგარი განწყობით გავიდეს. რაც მნიშვნელოვანია, დაივიწყოს ნოემბერში მომხდარი და მართლაც სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ახალი ეტაპის წერა.

როგორც ვილი სანიოლმა თქვა, საქართველოს ნაკრები იქ ამბიციით არის ჩასული და რატომაც არა?! დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს და არც შვედეთის ნაკრები განეკუთვნება უძლეველთა რიგებს, მაგრამ ბევრი ბრძოლა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი და შეცდომებიც არ უნდა დავუშვათ!

0.112606