ფეხბურთი

10:21 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "საკუთარი სტილი უნდა გვქონდეს და ჩვენს თავს ზღვარი არ უნდა დავუწესოთ"
"საქართველოსნაირი გუნდი რისკის გარეშე ვერაფერს მიაღწევს"

საქართველოს ნაკრები შვედეთში იმყოფება და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი თამაში კარსაა მომდგარი. შესაბამისად, ვილი სანიოლის დებიუტიც შედგება. თუმცა, მანამდე ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ფრანგი სპეციალისტის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

სანიოლი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე, მიზნებზე, სიტუაციაზე და გეგმებზე საუბრობს. გარდა ამისა, მან საფეხბურთო კარიერაც გაიხსენა, უფრო კონკრეტულად 2006 წლის მუნდიალი და ზინედინ ზიდანის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

- როგორ დაინიშნეთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელად?

- ვცდილობდი ეროვნული ნაკრები ამერჩია და არა კლუბი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყოფილი ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგ გერმანიაში ხშირად მითამაშია. მათგან დაუყოვნებლივ ვიგრძენი ნდობა და წინადადება სიხარულითა და ამბიციით მივიღე.

- თქვენ საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდით, შემდეგ ორი სეზონი „ბორდოში“ იყავით და ბოლოს „ბაიერნში“ ასისტენტად. რამ გამოიწვია საერთაშორისო ფეხბურთში თქვენი დაბრუნება?

- საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში გატარებული დროით ნამდვილად ვისიამოვნე. სანაკრებო ფეხბურთი უფრო მიზიდავს და მინდოდა საკლუბოს შემდეგ დავბრუნებულიყავი. ახლა იმ ქვეყანაში ვარ, რომელსაც სურს განვითარება განაგრძოს და სადაც შემიძლია სასარგებლო როლი შევასრულო. ჩემთვის ეს შუალედური პროექტია, რადგან ამ სიტუაციაში ხანგრძლივი პროექტი არ არსებობს. საკლუბო ფეხბურთში მწვრთნელებს ახლა გაურკვეველი პერიოდი აქვთ, კარგი პროექტები შეიძლება სწორ დროს არც გამოჩნდეს.

- როგორი განწყობით დაგხვდათ ნაკრები და ქვეყანა?

- დიდი იმედგაცრუება და მწუხარება შევამჩნიე, რადგან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში დამარცხდნენ. ამასთან, ეს ცხადყოფს, რომ კვალიფიკაცია კვლავ მიღწევადია და პოტენციალი არსებობს. სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათთან მუშაობა ყოველთვის სასიკეთოა, რადგან ხედავ, როგორ პროგრესირებენ. ეს პროექტი იმიტომ მომწონს, რომ საჭირო დროს გამოჩნდა და რეალისტური გამოწვევაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდებით, მაგრამ როგორც ფედერაციის, ასევე გუნდურ დონეზე არსებობს პროგრესის გაგრძელების სურვილი.

- კონკრეტულად რა მიზანი გაქვთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში?

- წინასწარ მიზანი დასახული არ არის, რადგან ვიცით, რომ რთულ ჯგუფში ვართ, რომელშიც ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებია, რომელთაც ჩვენზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მისიაა კვალიფიკაციის ამაღლება. საკმარისი ხარისხი გვაქვს, ამბიციური, ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ, საკუთარი თავისთვის შეზღუდვები არ უნდა დავაწესოთ. გვინდა საკუთარი სათამაშო სტილი და თვითმყოფადობა გვქონდეს, იმის მიუხედავად ვინ იქნება ჩვენი მეტოქე.

- როგორ განსაზღვრავთ ამ იდენტობას?

- ეროვნული ნაკრების მიზანია თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტირება, სწრაფად თამაში. მოთამაშეები უნდა იყვნენ თავდაჯერებულნი და სჯეროდეთ თავიანთი თვისებების, უნდა წავიდეთ რისკზე. ისეთ გუნდს, როგორიც საქართველოა, შანსი არ ექნება, თუ არ გარისკავს. შეგიძლია უბრალოდ თავი დაიცვა და მეტოქის შეცდომის იმედზე იყო, მაგრამ მეტოქის შეცდომები ამბიციური თამაშით უნდა გამოიწვიო. ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვგრძნობ, რომ ყველას აქვს სურვილი კურსი შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ეს დამაჯერებელ შედეგებს მოითხოვს, რადგან სწორედ ეს განიჭებს თავდაჯერებას. ქართველები ამაყები არიან და არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ ევროპულ სცენაზე და შეუძლიათ მამოძრავებელი ძალა გახდნენ.

- რა იქნება საქართველოსთვის კარგი შედეგი ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე?

- თამაშის ხარისხიდან გამომდინარე კარგი იქნება მესამე ადგილზე გასვლა. მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია, განსაკუთრებით ახლანდელი ვითარებიდან, როცა ყველაფერი უფრო რთულადაა და სტადიონები ცარიელია. მე დიდ პატივს ვცემ პროფესიონალებს, რომლებიც ამჟამად გულშემატკივრების გარეშე თამაშობენ. ეს არ არის მარტივი და ბევრ თავგანწირვასა და მენტალიტეტს მოითხოვს. ამ რთული ვითარების მიუხედავად წარმატებას უნდა მივაღწიოთ.

- ვინ იყო თქვენი კუმირი მსოფლიო თასიდან?

- ჩემი კერპი როჟე მილა იყო. ვხედავდი, როგორ ცეკვავდა 40 წლის ასაკში გოლის შემდეგ. ჩემთვის ეს მსოფლიო თასების ისტორიაში ერთ-ერთი შესანიშნავი მომენტია. ის ნამდვილი ლეგენდა და საფრანგეთში ძალიან პოპულარული იყო.

- თქვენი საყვარელი მატჩი მსოფლიო თასიდან?

- 1986 წლის საფრანგეთი - ბრაზილია, რადგან ერთ-ერთი პირველი თამაშია, რომელიც მახსოვს. იმ დროს 9 წლის ვიყავი. მექსიკაში იმართებოდა თამაში და ჩვენთან ძალიან გვიანი იყო, მაგრამ მამაჩემთან ერთად ვუყურე. ზიკოს არაზუსტი პენალტი, სოკრატესის მომენტი, ლუის ფერნანდესის სიხარული... საოცარი კადრებია.

- ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

- მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, ეს არის მეფე - პელე. დღეს იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მედია და შთაბეჭდილება ძალზე მნიშვნელოვანია და ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ დღეს ბევრი ვარსკვლავია, მაგრამ ისინი იმ ეპოქის პელეს ნამდვილად ვერ შეედრებიან. მან ყველას აჯობა, თანაგუნდელებს, მეტოქეებს და გულშემატკივრებსაც. ის ზღაპრული იყო.

- როგორ გაიხსენებთ თქვენს სანაკრებო კარიერას?

- ძალიან გამიმართა, რომ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ორ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. დასასრული არცერთხელ საუკეთესო არ იყო, მაგრამ ჩემი ბავშვობის ოცნებებთან შედარებით ეს ზღაპრული იყო. ვამაყობდი, რომ წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას და მაისურს ვირგებდი. 2006 წელს დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ დროთა განმავლობაში ვგრძნობ, რომ უდიდესი თავგადასავალი გამოვიარე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რაც მშვენიერი იყო.

- იმ მუნდიალზე საფრანგეთთან ორი ფრით დაიწყო. როგორ მოახერხა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების რწმენის დაბრუნება?

- ყველამ იცის, რომ შორს ვერ მიდის ის გუნდი, რომელიც საუკეთესოდ იწყებს. გვჯეროდა საკუთარი თავის და ჩვენი თვისებების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თამაშის ხარისხი არ იყო საუკეთესო, ვიცოდით, რომ შორს წავიდოდით. მესამე თამაშის შემდეგ წნეხისგან გავთავისუფლდით, გუნდი მომწიფებული იყო და ესპანეთთან მერვედფინალში გამარჯვებამ საკუთარი თავისი დიდი რწმენა მოგვცა.

- კვლავ ადანაშაულებთ ზინედინ ზიდანს ფინალში გაძევების გამო?

- რაც 15 წლის შემდეგ მახსოვს, არის ის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ვთამაშობდი, რომელიც არა მხოლოდ მოედანზე იყო საუკეთესო, არამედ დიდი ადამიანი. შესაძლოა, ფინალში სისხლი მოაწვა, რამაც ის ადამიანად აქცია და ადამიანები შეცდომებს ყოველთვის უშვებენ. სამწუხაროდ ეს არასწორ დროს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დიდი ბრაზი იყო, ვერ ვიტყვი, რომ იმ ფინალს მაინც მოვიგებდით რომ არ გაეძევებინათ. ფეხბურთი გუნდური სპორტია და ეს არის გზავნილი, რომელიც ახალგაზრდებს ყოველთვის უნდა მივაწოდოთ. ჩვენ საკუთარ თამაშზე ვართ პასუხისმგებელნი, მაგრამ ასევე გუნდის მუშაობაზე.

- ის არის საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც გითამაშიათ?

- უეჭველად. შეგვიძლია ვისაუბროთ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ, რომლებიც არაჩვეულებრივი ფეხბურთელები, რომლებმაც უამრავი გოლი გაიტანეს. ზინედინის მთავარი მიზანი გუნდის კარგი თამაში იყო, ამიტომ ის ჩემი პირველი ნომერია. მას შეეძლო ინდივიდუალურად ყველაფერი გაეკეთებინა, ამის უნარი ჰქონდა, მაგრამ მას გუნდის კარგი თამაში თამაში სურდა, თანაგუნდელების დახმარება. მარტო ამისთვის იმსახურებს ქანდაკებას.

0.154731