ბლოგი

14:26 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია - საოცრებების ქვეყანა

ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც პლანეტის დიდი ქვეყნების და ქალაქების შესადარებელ ანალიზს ატარებდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრაზილია ყველაზე ორიგინალური ქვეყანა, რიო-დე-ჟანეირო კი მსოფლიოს ყველაზე მეგობრული ქალაქია. მიუხედავად ბრაზილიაში არსებული ძალადობისა, კრიმინალური დანაშაულების რაოდენობისა და ადამიანის უფლებების დარღვევისა, ოსტაპ ბენდერის ოცნების ქვეყანამ ყველას აჯობა და ღირსეულად დაეუფლა ამ ტიტულს. სხვათა შორის, ამგვარი ქალაქების სიის ბოლოში მოსკოვი და სინგაპური აღმოჩნდნენ.

ბრაზილიაში ერთხელ მაინც ნამყოფი ადამიანი აუცილებლად გეტყვით, რომ ბრაზილიაში, რომელ ქალაქშიც არ უნდა იყო, ტაქსის მძღოლი მუსიკას კი არ უსმენს, უსმენს ფეხბურთს. ინდოეთში არის 50 სატელევიზიო არხი, სადაც ყველგან ერთდროულად გადის ინდური ფილმი. ბრაზილიაში არის 20 არხი, სადაც ერთდროულად აჩვენებენ ფეხბურთს.

სან პაულუში ყველა ფეხის ნაბიჯზე არ იყიდება საფეხბურთო სიმბოლიკები, რადგანაც ეს არის საბანკო და სტუდენტების ქალაქი. სან პაულუს გაზეთი პირველ გვერდზე ნაკრების თამაშის ანგარიშებს არ ბეჭდავს. რიო დე ჟანეიროში პირიქითაა _ დიდი ასოებით გამოაქვთ სათაურები მოწინავე ფოტოებით. სან პაულოში, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ყველაფერია, მაინც ცდილობენ, გაემიჯნონ მას.

კი ბატონო, ბრაზილია მართლაც რომ ფეხბურთით სუნთქავს, მაგრამ ერთხელ ბრაზილიაში ისეთი კაციც კი გახდა პრეზიდენტი(თანაც _ ორჯერ), რომელმაც გაბედა და თქვა, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი არ არის. ეს იყო პრეზიდენტი - ლულა. ბრაზილიელებმა თქვეს: აი კაცი, რომელსაც ფეხბურთი არ უყვარს, მაგრამ მას მაინც შეუძლია, იფიქროს ქვეყანაზე.

ბრაზილია მოვლილი ხალხი დაკვირვებულნია, რომ ბრაზილიაში პირველ რიგში, არ უნდა თქვა, რომ ეროვნებით ხარ ამერიკელი ან რუსი. თუ პორტუგალიური ენა არ იცი, კაპიკია შენი ფასი. და თუ ესპანურიც არ იცი, საერთოდ არავინ არ ხარ. ინგლისურს საერთოდ არ თვლიან ენად.

საერთოდ, ბრაზილიელი გულშემატკივარი ცრუმორწმუნეა. ზოგადად ბრაზილიელი ხალხი (ამას თავად ბრაზილიელებიც აღიარებენ) ჯერ კიდევ არაა გამოსული წარმართული ცნობიერებიდან. ამიტომ ბრაზილიელ გულშემატკივარს ჰგონია, რომ ცაში წყდება მათი ნაკრების ბედი _ ან მოიგებს, ან _ არა.

თუკი არგენტინელებს მიაჩნიათ, რომ ფეხბურთი- ეს საუკეთესო გართობაა, ბრაზილილთათვის მთავარი, კონკრეტული მატჩები და თამაშის დროს არსებული განწყობებია. სწორედ ამიტომ, როდესაც ბრაზილიის ნაკრები თამაშობს, თამაშის დროს სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფეროა. გულშემატკივარი ისეთივე აქტიურია, როგორიც ინგლისში. თან ეს ხალხი თავისი გუნდის მხარეს კი არ არის, არამედ _ ფესბურთის მხარეს. ბრაზილიის ნაკრებმა თუ არ აჩვენა ზემაღალი ფეხბურთი, პირდაპირ იწყება ფეხბურთელების გინება.

ბრაზილიელებს და განსაკუთრებით ბრაზილიელ გულშემატკივრებს აქვთ ძალიან სხვანაირი იუმორი. ალბათ, იცით, რომ პორტუგალიელები ძალიან სევდიანები არიან და ბრაზილიელების ხასიათშიც არის ეს ელემენტი. ამავე დროს ეს არის ძალიან შერეული ერი.

ბრაზილიის ერთ-ერთი პრეზიდენტი კარდოსო ამბობდა, რომ მათ ეამაყებათ შერევა. მხოლოდ შავკანიანების ან მხოლოდ თეთრკანიანების ოჯახები, თუკი ისინი ილაშქრებენ შერევის წინააღმდეგ, გარიყული ჰყავს საზოგადოებას. იტალიური წარმომავლობის მიმართ რაღაც განსაკუთრებული პატივისცემაა.

თუმცა, რივალდოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ იტალიური სისხლი ერია, ბრაზილიის(ძირითადად კი სან-პაულუელი) ქომაგები იმიტომ არ იყვნენ კარგად განწყობილნი, რომ ბევრჯერ ჰყავს გამწარებული სან-პაულუს არაერთი გუნდი და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ გადამწყვეტ მატჩში გოლიც გაუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ნაკრები თამაშობს, ბრაზილიელი მაყურებელი არ კარგავს პატივისცემას თავისი კონკრეტული გუნდისა და კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ. მათ აცვიათ ფეხბურთელების მაისურები ზურგზე ფეხბურთელის გვარით. თანაც, როდესაც ჯარიმას ურტყამენ ბრაზილიელები, მაყურებელი ამ საქმეში სერიოზულად ერევა. ან თუ ვინმემ ფეხების შუაში გაუძვრინა ბურთი, მთელი სტადიონი ინგრევა ყიჟინისაგან

ბრაზილია არ არის ის ადგილი, სადაც ვინმე შეძლებს თავისი ეთნიკური თავისებურების შენარჩუნებას. ბოლოს და ბოლოს, ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქართველების და სომხების ადაპტაციაც კი ხდება.

0.140828