ფეხბურთი

2:16 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ისევ მესი

„ბარსელონამ“ და „ბეტისმა“ ისევ ხუთი გოლი გაუტანეს ერთმანეთს. ამათი შეხვედრები ბოლო დროს ფრიადი შედეგიანობით გამოირჩევა, მინიმუმ ხუთი ბურთი გადის ხოლმე.

ბარსელონამ თავიდანვე მოიპოვა ტერიტორიული უპირატესიბა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა. მეტიც, ბორხა იგლესიასმა მასპინძლები დააწინაურა და ბეტისელებმა პირველი ტაიმი მოიგეს.

კატალონიელებმა შესვენების შემდეგაც გააგრძელეს წვალება. ოღონდ მანამ, სანამ მინდორზე ლიონელ მესი არ გამოჩნდა. არგენტინელმა მაშინვე დაალაგა თამაში. ორ წუთში თავად გაიტანა, შემდეგ კი ვიქტორ რუისმა საკუთარ კარში შეაგდო და ლეოს გამოსვლიდან 10 წუთში უკვე სტუმრები იგებდნენ 1:2.

ეტყობა კუმანის შეგირდებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და აქტიურობას უკლეს. „ბეტისს“ დასაკარგი არაფერი ჰქონდა და შეუტია. მალე მათ წონასწორობაც აღადგინეს, რუისმა გამოასწორა თავისი შეცდომა და ახლა მეტოქის კარი დალაშქრა.

დამთავრებამდე კიდევ 15 წუთი რჩებოდა და ვითარება თითქოს დაიძაბა. მაგრამ პორტუგალიელმა ფრანსიშკუ ტრინკაომ თავისი სადებიუტო ბურთი გაიტანა „ბარსელონას“ მაისურით და კატალონიელებმა მორიგი გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში - 2:3.

ეს ბარსელონელთა ზედიზედ მეექვსე მოგება გახლდათ მიმდინარე პრიმერაში.

ლიდერი ისევ „ატლეტიკოა“ 50 ქულით. თანაც მეტოქეებზე ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 43-43 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „რეალი“ და „ბარსელონა“ იყოფენ. მეოთხეზე კი 42-ქულიანი „სევილიაა.“

ესპანეთი

პრიმერა. 22-ე ტური. 7 თებერვალი

ბეტისი - ბარსელონა 2:3

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი.“

1:0 იგლესიასი (38), 1:1 მესი (59), 1:2 რუისი (68 საკ. კარში), 2:2 რუისი (75), 2:3 ტრინკაო (87)

ბეტისი: ხოელი, ემერსონი, მანდი, რუისი, მორენო, აკუოკუ (როდრიგესი 75), გუარდადო, რუიბალი (როდრი 65), ხუანმი (ტელო 75), ფეკირი (კანალესი 83), იგლესიასი (მორონი 82)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო (დე იონგი 11), ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (უმტიტი 78), პიანიჩი (ტრინკაო 57), დემბელე, გრიზმანი, პუჩი (მესი 57), ბრეითვეტი (პედრი 46)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: რუისი (77); დე იონგი (47), დემბელე (64), ბუსკეტსი (74)

სოსიედადი - კადისი 4:1

1:0, 2:0 ოიარსაბალი (26 პენ, 34), 3:0, 4:0 ისაკი (54, 59), 4:1 ხაირო (65)

გაძევება: მაურო (45+3) - კადისი

ბილბაო - ვალენსია 1:1

1:0 გილიამონი (43 საკ. კარში), 1:1 პაულისტა (65)

ოსასუნა - ეიბარი 2:1

1:0 კალიერი (18), 1:1 გარსია (44), 2:1 ბუდიმირი (86)

0.114512