ფეხბურთი

2:37 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასი "ბილბაოს", მესის - წითელი ბარათი

ესპანეთის სუპერთასი „ბილბაომ“ მოიგო. სევილიაში გამართულ ფინალში მარსელინო ტორალის გუნდმა „ბარსელონას“ დამატებით დროში მოუგო და მისთვის ერთობ ფასეულ ჯილდოს დაეუფლა.

„ბარსელონა“ ახლოს იყო გამარჯვებასთან, ორჯერ იგებდა და სულ რამდენიმე წუთი დააკლდა, მაგრამ თამაში საფინალო სასტვენამდე გრძელდება და რონალდ კუმანის გუნდს ეს დაავიწყდა. პირველი ტაიმის მიწურულს ანტუან გრიზმანმა ანგარიში გახსნა, მაგრამ „ბარსა“ სულ 2 წუთი იგებდა, რადგან ისკარ დე მარკოსმა იქვე გაათანაბრა.

77-ე წუთზე ფრანგმა შემტევმა დუბლი შეასრულა და თავისიანები ხელმეორედ დააწინაურა. სწორედ აქ იყო კატალონური გრანდი გამარჯვებასთან და კუმანი პირველ ტიტულთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ასიერ ვილალიბრემ წონასწორობა აღადგინა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

იქ კი, 94-ე წუთზე ინიაკი უილიამსმა ფანტასტიკური გოლით ბასკებს მოაგებინა. „ბარსელონას“ 26 წუთი ჰქონდა გასათანაბრებლად, მაგრამ ვერ მოახერხა. მატჩის ბოლოს ლიონელ მესი გააძევეს, მოედნის ცენტრში არასპორტული საქციელისთვის და ეს არგენტინელისთვის პირველი წითელი ბარათია „ბარსას“ რიგებში.

„ბილბაო“ ესპანეთის სუპერთასს ისტორიასი მესამედ დაუეფლა. სრულიად დამსახურებულად, ბასკურმა გუნდმა სამდღიან ინტერვალში ჯერ „რეალს“ მოუგო, მერე „ბარსელონას“ და ეს შემთხვევით არ ხდება.

„ბარსელონა“ – „ბილბაო“ 2:3 დ.დ (1:1)

გოლები: 1:0 გრიზმანი (40), 1:1 დე მარკოსი (42), 2:1 გრიზმანი (77), 2:2 ვილალიბრე (90), 2:3 უილიამსი (94)

0.142299