ფეხბურთი

10:18 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცხოვრების მატჩი და გმირობის შანსი!
ერთი ნაბიჯი ელიტამდე

ყველაფერი 2018 წლის 6 სექტემბერს დაიწყო. გზა ასეთი გრძელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორონავირუსმა როგორც დანარჩენ ყველაფერზე, აქაც გავლენა იქონია. 2018 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა ასტანაში, ყაზახეთის ნაკრებთან ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ტურში 2:0 მოუგო.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა მაშინ ჯგუფური ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა, 18 შესაძლებლობიდან 16 ქულა მოიპოვა, რაც დივიზიონში საუკეთესო შედეგი იყო. შედეგად, ნახევარფინალის მასპინძლობისა და პირველ ადგილოსნებს შორის, ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე გუნდთან (ბელარუსთან) შეხვედრის უფლება მივიღეთ. ბელარუსთანაც მოვიგეთ, ერთი თვის წინ და ახლა წინ ფინალია. ერთადერთი ნაბიჯი, 90 ან ცოტა მეტი წუთი. დიახ, ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა, ერთი ნაბიჯი, რთული, მაგრამ შესაძლებელი!

საქართველოს ნაკრებს განვლილ გზაზე ორი მთავარი სოლისტი ჰყავდა - ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძე და ნახევარფინალში (ზოგადად, ამ შემოდგომაზე) ხვიჩა კვარაცხელია. ავად თუ კარგად, ადვილად თუ მარტივად, ჩვენც და საქართველოს ნაკრებიც ჩაკვეტაძის გარეშე თამაშს შევეჩვიეთ. მართლაც, გიორგის სწორედ იმ დიდებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში პრაქტიკულად არ უთამაშია (სექტემბერში ორ თამაშს თუ არ ჩავთვლით). ამდენად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა სხვა გზები მოძებნა. თუმცა, ახლა როდესაც ჩაკვეტაძე კვარაცხელიამ შეცვალა, ბედმა მორიგი დამცინავი სურპირიზი მოგვიმზადა - მას კორონავირუსი აღმოაჩნდა. ასე მოხდა, ვერაფერს შევცლით და ბედს უნდა შევეგუოთ. კვარაცხელიას გარდა ლევან შენგელიაც იმავე მიზეზით მოვისაკლისეთ.

საერთოდ, დანაკლისი დიდია - ამ ორი ფეხბურთელის და ხსენებული ჩაკვეტაძის გარდა, ოთარ კიტეიშვილიც ტრავმირებულია, რომელიც სწორედ მაკედონიასთან ერთი თვისწინანდელ შეხვედრაში დაშავდა. ეს ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა, მაგრამ შეუცვლელი არავინაა. საქართველოს ნაკრები გუნდია და როგორც მატჩამდე ნიკა კვეკვესკირმა აღნიშნა, მათი მთავარი ძალა ერთიანობაში, გუნდურობაშია. ჰოდა, ახლა შესანიშნავი შანსი აქვთ, რომ ეს დაამტკიცონ.

30 წელია საქართველო ამ დღეს ელოდება. ეჭვგარეშეა, თუ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება, 2020 წლის 12 ნოემბერი დავიწყებას არ მიეცემა, ეს დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევა. ჩვენ ასე გვწამს და ასე გვინდა.

პრობლემები ვახსენეთ და არც მეტოქე ჩამოსულა მაინც და მაინც დალხენილი, ასე რომ, ამ მხრივ თანაფარდობაა. სხვა თუ არაფერი, ნახევარდაცვის უპირობო ლიდერი ენის ბარდი ვერ ითამაშებს. ცნობისთვის, ის წლებია ლა ლიგაში თამაშობს და მართლაც კარგი ფეხბურთელია. კორონავირუსი აქვს დაცვის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას კირე რისტევსკის და თავდამსხმელ კრსტე ველკოსკის. არიან ადემის საკითხი კი, რომელიც ნახევარდაცვაში ასევე შეუცვლელი ფიგურაა, გასარკვევია. მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, გუშინ „დინამო არენაზე“ ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ითამაშოს კიდეც.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 27 ფეხბურთელია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ სლოვაკი განსაკუთრებულ ექპერიმენტებს არ მიმართავს, მითუმეტეს, ამის დიდი მოყვარული არც გახლავთ. ამიტომ, ველით, რომ ნაცადი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ითამაშებს.

კარს გიორგი ლორია დაიცავს. დაცვის ფლანგებს ოთარ კაკაბაძე და ლაშა დვალი გაამაგრებენ, ხოლო ცენტრში გურამ კაშიასა და სოლომონ კვირკველიას დუეტს ველოდებით. კაშიაზე ორიოდ სიტყვით - მას 8 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ბელარუსთან ითამაშა, არ უთამაშია. ცხადია, ერთვიანი უთამაშებლობა ძალიან ცუდია, მაგრამ ვაისი კაშიას თვალდახუჭული ენდობა და მისთვის მოედანზე ის მხოლოდ ფეხბურთელი არ არის, სხვა ფუნქციებსაც ავალებს. ასე, რომ კითხვა არ არსებობს - გურამ კაშიას ის აუცილებლად ძირითადში დააყენებს.

საყრდენ ზონაში ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ითამაშებენ. ნაცადი დუეტი „ტობოლიდან“. ჯაბაზე ახალი რა უნდა ვთქვათ და კვეკვესკირს კი კლუბში ბოლო დროს სათამაშო დროის მკვეთრი დეფიციტი აქვს, ყაზახური კლუბის ძირითადში პრაქტიკულად ვეღარ ხვდება. მიუხედავად ამისა, ის ჯაბასთან კარგადაა შეთამაშებული და ვაისის უსაზღვრო ნდობითაც სარგებლობს. თანაც, აქ უთამაშებლობა გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება არც იყოს - ერთი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება ნებისმიერ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია.

საყრდენების წინ სამი შემტევი იმოქმედებს. კვარაცხელიას არყოფნაში რესურსი მწირია. მოსალოდნელია, რომ მარჯვნივ ვაკო ყაზაიშვილი იქნება, მარცხნივ თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო 10-იანი პოზიციაზე ვაკო გვილია. გვილიას საყრდენ ზონაში დახევაც შეუძლია და ალბათ, ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმისა, რომ ძირითადში მოვიაზროთ. ასეთი შემადგენლობით ვაისი ხშირად შეძლებს თამაშის დროს გუნდის 4-3-3 სქემაზე გადაწყობას. ფორვარდის პოზიციაზე კი ალბათ მაინც ნიკა კაჭარავას გამოჩენაა უფრო რეალური, ვიდრე გიორგი ქვილითაიას. კლუბში ბოლო ხანს ქვილითაიამ უფრო მეტი გაიტანა, მაგრამ ფაქტია წინა საკარებო მატჩებში კაჭარავა უფრო პროდუქტიული იყო. ყოველშემთხვევაში, ორივეს თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, რომ სლოვაკმა აქცენტი ცრუ ცხრიანზე გააკეთოს, როგორც ბელარუსთან და ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელი გამოიყენოს, მაგალითად საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი ან ზურიკო დავითაშვილი. თუმცა, ვაისს სკამზეც სჭირდება ისეთი ფეხბურთელები, ვინც თამაშს გააძლიერებს, არავინ იცის, როდის დასჭირდება ეს და რაც მთავარია, არაა გამორიცხული დამქანცველი 120 წუთიც ვიხილოთ.

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი; კანკავა, კვეკვესკირი; ყაზაიშვილი, გვილია, ოქრიაშვილი; კაჭარავა ან ქვილითაია

ურთიერთშეხვედრები

ორიოდ სიტყვით საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა დაპირისპირებებზე. სექტემბრის პირველ დღეებში ამის შესახებ ინფორმაცია რომ მოგეძიებიათ, ნამდვილად ვერ იპოვიდით, რადგან ისინი პირველად ერთმანეთს ზუსტად ორი თვის წინ 8 სექტემბერს შეხვდნენ. თბილისში საქართველო თორნიკე ოქრიაშვილის პენალტით იგებდა და შტეფან რისტოვსკიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმში ვისარ მუსლიუს გაძევების მიუხედავად, საქართველომ გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა, თუმცაღა შანსი ჰქონდა. ერთი თვის წინ კი სკოპიეში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და მოგებას წინ აღარაფერი ედგა, მეორე გოლიც გასატანი გვქონდა, შანსები გავანიავეთ და ბოლოს ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ეზგიან ალიოსკიმ გაიტანა. მოკლედ, ორი მატჩი და ორი 1:1...

ახლა...

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა ხაზი გაუსვა შეტევაში ხარისხიან თამაშს. მან ცალსახად საგოლე მომენტების რეალიზება იგულისხმა და არ შეიძლება არ დავეთანხმოთ - ეს ფუნდამენტური და ვინძლო გადამწყვეტიც გამოდგეს. იმავე მაკედონიელებთან წინა ორ მატჩში საქართველოს ნაკრებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სულ ოდნავ მაინც უკეთ რომ ეთამაშა, აუცილებლად ორჯერვე მოიგებდა. ამრიგად, თითოეული შანსი ძვირად ფასობს და მეტოქის კართან ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ!

მეორე ფაქტორი, რამაც შეიძლება თამაშზე გავლენა მოახდინოს, ცხადია შეცდომებია. ვინც ნაკლებად შეცდება, ის უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუ ისევ მაკედონიასთან წინა ორ მატჩს გავიხსენებთ, ორი შეცდომა დავუშვით და ორჯერვე გაგვიტანეს. თბილისში მოედნის ცენტრში უყურადღებობა და ბურთის დაკარგვა დასრულდა გოლით, სკოპიეში საჯარიმოს მისადგომებთან დაკარგული პირველი ბურთი პენალტით და მერე გოლით დასრულდა. ასე, რომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ. რაც მთავარია, მაკედონიას ჩვენს საჯარიმოს სიახლოვეს სტანდარტების შანსი არ უნდა მივცეთ, რაც მათი კოზირია და აგრეთვე, კონტრშეტევები. ეს არის ორი იარაღი, რომელიც სტუმრებს აქვთ. ყოველშემთხვევაში ბოლო მატჩებმა ვერ გამოაჩინა, რომ მაკედონიის ნაკრები შეტევაში სხვაგვარად სახიფათო გუნდი იყოს. არც ინდივიდუალურად უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ ლეგენდარული გორან პანდევია. მისი პლიუსი გამოცდილება და კლასია, თორემ პანდევი არც ისე სწრაფი ფეხბურთელია, მთავარია მას სივრცეები შევუზღუდოთ და ფიქრის საშუალება არ მივცეთ...

ცოტაც სასიამოვნო სტატისტიკაზე - საქართველოს ნაკრებს თბილისში ბოლო 13 თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული. ბოლო 11 საშინაო მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა და უკანასკნელ 13 შეხვედრაში, რომელიც თბილისში გამართა, ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა.

ბოლოსკენ ვთქვათ, რომ ორივე ნაკრებისთვის ისტორიული შანსია, ცხოვრების მატჩია. ჩვენც და ისინიც 30 წელია ამ შანსს და ამ დღეს ველოდებით. ამდენად, მოტივაცია ძალიან მაღალია, ისევე როგორც ემოციური ფონი. მატჩისწინ ნიკა კვეკვესკირმა არ დამალა, რომ ნერვიულობენ, მაგრამ განმარტა, ეს ყველა მატჩს ახლავს და როცა მოედანზე გადიხარ და თამაში იწყება, ნერვიულობა ქრებაო. ისიც თქვა, რომ ცეცხლი გვიკიდია და ერთი სული გვაქვს თამაში დაიწყოსო - მოკლედ, კარგია, განწყობა ამაღლებული უნდა იყოს. 12 ნოემბრის ცხოვრების მატჩი საქართველოს ზეიმით უნდა დასრულდეს. ევროპის ჩემპიონატი ძალიან ახლოსაა. საქართველოს ნაკრების ამ თაობის ყველა ფეხბურთელს აქვს უნიკალური შანსი, რომელიც არ მისცემია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არცერთ ქართველ ფეხბურთელს - გმირობის შანსი აქვთ და ძალიან გვინდა, საფინალო სასტვენის შემდეგ მთელი საქართველო მათ გმირობაზე საუბრობდეს!

0.150677