ფეხბურთი

22:05 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

შედეგი არის, ხარისხი არა: საქართველომ ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ახალი სეზონი გამარჯვებით დიაწყო. ტალინში, „ა ლე კოქ არენაზე“ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ნავსი გატეხა და ესტონეთი დაამარცხა.

ნავსი იმიტომ, რომ აქამდე, საქართველოს ტალინში სამჯერ ჰქონდა ნათამაშები და ორჯერ დამარცხებულიყო, ერთხელ ფრეს დასჯერდა. როგორც იქნა, პირველი გამარჯვებაც შედგა, მართალია მძიმე, მაგრამ 3 ქულის მოპოვება მთავარი იყო.

საქართველოს ნაკრებს იდეალური და უშეცდომო ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც მეტოქისთვის მიუცია განსაკუთრებული შანსი. სხვა თუ არაფერი, ესტონელებს კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამთ.

საქართველოს დაწინაურება მატჩის დასაწყისშივე შეეძლო, გიორგი ჩაკვეტაძემ მეკარე მოატყუა, მაგრამ ვერ დაარტყა და პასი თორნიკე ოქრიაშვილს გაუკეთა, რომელმაც დაარტყა, თუმცა ცარიელი კარიდან ბურთი მცველმა გამოიტანა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების იერიშები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა და 19 წლის შემტევი შეტევაში მთავარი ფუნქციონერი იყო. სწორედ მის იდეალურ ჩაწოდებას მოჰყვა გოლი, რის შედეგადაც ანგარიში გაიხსნა. ხვიჩას გადაცემას ნიკა კაჭარავა გამოეხმაურა და თავით აიღო ესტონელთა კარი. „ანორთოსისის“ შემტევმაც ჩინებულად იმოქმედა დასწრებაზე და 3-წლიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა თავი ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს ნაკრებს მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები კიდევ ჰქონდა, მაგრამ ვერ მოახერხა შანსის სათანადად გამოყენება. ყველაზე ახლოს გოლთან ცვლილებაზე შესული საბა ლობჟანიძე იყო, თანაც ორჯერ, ჯერ ძელს მოარტყა ბურთი, მერე საჯარიმოს მისადგომებიდან მცირედით ააცილა. გოლთან ახლოს ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, მაგრამ ერთი შეხებით ხელსაყრელ სიტუაციაში კარგად ვერ დაარტყა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 1:0 იმარჯვა, ისტორიაში პირველად მოიგო ტალინში და ერთა ლიგაზე დაუმარცხებელი სერია გააგრძელა (7 მატჩი, 6 მოგება, 1 ფრე). საქართველო მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთი 2:1 დაამარცხა.

ესტონეთი - საქართველო 0:1 (0:1)

ტალინი, „ა ლე კოქ არენა“

უმაყურებლოდ

ესტონეთი (4-4-1-1): ჰეინი; ტენისტე, ტამი, მეტსი, იარველაიდი; ტუნიოვი (ლივაკი 71), კაეიტი, კრეიდა, ოიამა; ვასილიევი (აინსალუ 86); ზენიოვი (ანიერი 71)

მწვრთნელი: კარელ ვოოლაიდი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ჯიღაური; კანკავა, კვეკვესკირი; კვარაცხელია (აბურჯანია 90), ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), ოქრიაშვილი; კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლი: 0:1 კაჭარავა (32)

გაფრთხილება: ზენიოვი (29), მეტსი (51), ოიამასი (53) - კაჭარავა (52)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2 (0 – 10 (2) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დონატას რუმშასი (ლიეტუვა)

ჩრდ. მაკედონია - სომხეთი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ალიოსკი (4, პენ), 2:0 ნესტოროვსკი (38, პენ), 2:1 ბარსეგიანი (90)

0.122242