ისტორია

9:50 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

23 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973. კახა შენგელია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, თბილისის ”დინამოს”, ”ვითას”, ბათუმის ”ბასკოს”, ”სტუ-ჯეოსელის” მეფარე (209 სმ). საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მნიშვნელოვანი ფაქტები
1845. აშშ-ს ქალაქ ნიუ იორკში დაარსდა ბეისბოლისტთა პირველი გუნდი, ”ნიკერბოკერზი”.
1873. ტომ ალენმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მაიკ მაკკეილი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1913. ლეგენდარული ფრანგი ჩოგბურთელი როლან გარო, პირველი ადამიანი შეიქნა, რომელმაც თვითმფრინავით ხმელთაშუა ზღვას გადაუფრინა.
1919. პორტუგალიის დედაქალაქის ლისაბონის კვარტალ ბელენში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბელენენსეში”. გუნდმა სამჯერ მოიგო პორტუგალიის მოყვარულ კლუბთა ჩემპიონატი, ერთხელაც პროფესიონალთა პირველობა. პორტუგალიის თასის სამგზის მფლობელი.
1923. ვიგოს “სელტამ” თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა და პორტუს “ბოავიშტა” 8:2 დაამარცხა.
1937. ფეხბურთის საერთაშორისო ლიგამ (IFL), ”ლივერპულს” შოტლანდიური ”დანდი იუნაიტედის” ცენტრფორვარდ ალექს მილნის ტრანსფერისთვის 750 გირვანქის გადახდა დააკისრა.
1952. როკი მარჩიანომ, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯო უოლკოტი მეცამეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა ოჰაიოში ჩატარდა.
1959. თბილისის ”დინამომ”, ჩეხოსლოვაკიაში ტურნეს მსვლელობისას, პრაღაში ადგილობრივი ”დინამო” 6:1 დაამარცხა. ქართველთაგან გოლები თენგიზ მელაშვილმა (3), ზაურ კალოევმა (2) და ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანეს. ”დინამო”: კოტრიკაძე, ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა, ზეინკლიშვილი, იამანიძე, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, ღოღობერიძე, გაგნიძე. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1983. ჯერი კოეტზმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მაიკლ დოექსი მეათე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1988. პორტუგალიელმა სტაიერმა ქალმა როზა მოტამ, თავისი მეორე ოლიმპიური მარათონული გარბენი მოიგო. მან ეს, სეულის თამაშების მიმდინარეობისას მოახერხა (2:25.39).
1991. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშეები მაიკ ბოსი და დენის პოტვინი, ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1992. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბში პირველად ითამაშა ქალმა ჰოკეისტმა. მანონ რიმემ, საჩვენებელ მატჩში ”ტამპა ბეის” ღირსება დაიცვა და პირველი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ორი შაიბა გაუშვა. ამასთან, მან 7 დარტყმის მოგერიება მოახერხა.
1992. “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა დევიდ ბექჰემს. იმ დღეს, “მანჩესტერი” ინგლისის ლიგის თასის მატჩში “ბრაიტონს” ხვდებოდა, ბექჰემმა კი მეორე ტაიმში ანდრეი კანჩელსკისი შეცვალა.
2006. ურუგვაის ნაკრების 33 წლის ფორვარდი დარიო სილვა (49 მატჩი, 14 გოლი) ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ექიმებმა მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს. დარიო სილვასთან ერთად, მანქანაში ფეხბურთელები ელბინო პაპა და დარდო პერეირა ისხდნენ, თუმცა, ორივე მათგანი უვნებლად გადარჩა.
2006. უეფამ ახალი საფეხბურთო ტურნირის, ევროპის ლიგის დაარსებაზე მიიღო გადაწყვეტილება. 2009 წლდან, ეს შეჯიბრება უეფას თასს ჩაენაცვლა და განსხვავებული ფორმატითაც ტარდება. ჯგუფურ ეტაპზე 48, 12 ჯგუფად დაყოფილი გუნდი ორ წრედ ასპარეზობს და საფლეიოფო სტადიაზე ორ-ორი გუნდი გადის.
2006. ტოკიოში გამართულ ბაშოზე, სუმოისტმა ლევან ცაგურიამ მერვე გამარჯვება მოიპოვა. კოკაიმ დასავლეთის სეკივაკე კოტომიცუკი დაამარცხა.
2007. კოკაიმ სექტემბრის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. მეთორმეტე მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა, თხუთმეტიდან მხოლოდ შვიდი ორთაბრძოლა მოიგო. ტურნირის დასკვნით დღეს, იგი მეშვიდე მაეგაშირა ტამანოშიმასთან დამარცხდა.

2009. დანიის ქალაქ ჰერნინგში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 96 წონით კატეგორიაში გიორგი გოგშელიძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 74 კგ წონით კატეგორიაში პირველობა რუსეთის სახელით მოასპარეზე აფხაზმა დენის ცარგუშმა მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ
1917. იმრე ნემეტი. უნგრელი მძლეოსანი. უროს ტყორცნაში 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1943. ხულიო იგლესიასი. საქვეყნოდ ცნობილი მომღერალი, ახალგაზრდობაში მადრიდის ”რეალის” წევრი გახლდათ. იგლესიასი კასტილიელთა გუნდის სათადარიგო გოლკიპერი იყო.
1949. ენრიკე გონსალეს კასტრო კინი. ესპანეთის ნაკრების, ხიხონის “სპორტინგის” (1968-80, 1984-87), “ბარსელონას” (1980-84) ფორვარდი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1982 წელს მოიპოვა თასების თასი. 1981 და 1983 წლებში ფლობდა ესპანეთის თასს. 1974, 1976, 1980, 1981 და 1982 წლებში გახდა ესპანეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. 1979 წელს დაასახელეს პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად. პრიმერა დივიზიონის 447 მატჩში გაიტანა 216 გოლი. კინი “ხიხონის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია – ესპანეთის ორ საფეხბურთო ლიგასა და თასზე, მან ხიხონელთა მაისურით 232 გოლი გაიტანა.
1951. ტამარა დაუნენე. საბჭოთა კავშირის ქალ კალათბურთელთა ნაკრებისა და რიგის ტტტ-ს მოთამაშე. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.
1956. პაოლო როსი. იტალიის ნაკრების, ”ლანეროსის”, ”პერუჯასა” და ”იუვენტუსის” გოლეადორი. 1982 წლის დასაწყისში გამოვიდა ციხიდან, სადაც ტოტალიზატორზე ჩატარებული მაქინაციისთვის (თამაშების ”ჩაწყობა”) ამოჰყო თავი. სპორტული ფორმა სასწაულებრივ ჩქარა აღიდგინა და ”სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა ენცო ბეარზოტმა იგი ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ წაიყვანა. როსიმ განსაკუთრებით შთამბეჭდავად იასპარეზა იმ მუნდიალის უკანასკნელი სამი მატჩი. მან მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბრაზილიას სამი გოლი გაუტანა, რითაც იტალიის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე პაოლომ ორი ბურთი გაუტანა პოლონელებს, ხოლო ჩემპიონობისთვის გადამწვეტ ასპარეზობაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გოლკიპერ ტონი შუმახერის კარიც დალაშქრა. პაოლო როსი 6 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და უძლიერესი ფეხბურთელი გახდა. იმავე წელს ”ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღიარეს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ. როსის მონაწილეობა აქვს მიღებული არგენტინის 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც და მეოთხე ადგილი დაიკავა. 1986 წლის მუნდიალის მონაწილე. მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე 14 მატჩში გაიტანა 9 გოლი. სულ კი იტალიის ნაკრებში ჩაატარა 48 შეხვედრა, გაიტანა 20 გოლი. ტურინის ”იუვენტუსის” რიგებში პაოლო როსის მოგებული აქვს ჩემპიონთა და თასების თასები, ევროპის სუპერთასი, იტალიის ჩემპიონობა (ორჯერ) და თასი. სერია А-ში ჩაატარა 215 მატჩი, გაიტანა 82 გოლი.
1964. დაიან დიქსონი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში სეულის 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1965. მარკ ვუდფორდი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი. 1993 წელს მოგებული აქვს უიმბლდონის შერეულ წყვილთა ტურნირი.
1970. ედვარდ ბუკი. ახალი ზელანდიის საკალათბურთო ნაკრების მეფარე (210 სმ). ოლიმპიური თამაშების მონაწილე.
1973. კახა შენგელია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, თბილისის ”დინამოს”, ”ვითას”, ბათუმის ”ბასკოს”, ”სტუ-ჯეოსელის” მეფარე (209 სმ). საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1976. ვალერი სიდორენკო. უკრაინელი მოკრივე. ევროპის ჩემპიონი.
1979. რიკი დევისი. ”ბოსტონ სელტიკსის” მსროლელი (201 სმ).
1988. ხუან მარტინ დელ პოტრო. არგენტინელი ჩოგბურთელი. 2009 წელს მოიპოვა აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონობა. ფინალში დელ პოტრომ როჯერ ფედერერი დაამარცხა. 2009 წელს იასპარეზა საფრანგეთის ღია პირველობის, 2013 წელს კი უიმბლდონის ნახევარფინალში. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა 15 მილიონ 345 933 დოლარი.

0.156817