ფეხბურთი

23:00 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" ევროპა ლიგას დაემშვიდობა

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის "დინამომ" "დინამო არენაზე" გამართა და "დუნაისკა სტრედასთან" 1:2 დამარცხდა. საბოლოოდ, ქართულმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

არა და პირველი ტაიმი ქართველებმა მოიგეს. ანგარიშის გახსნამდე ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი. ჯერ სლოვაკურ გუნდის ფეხბურთელმა კარს ააცილა, შემდეგ კი აკაკი შულაიამ ძალიან ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. საბოლოოდ, 41-ე წუთზე ნიკა ნინუამ კუთხურიდან მოაწოდა ბურთი, მეორე სართულზე კი ხელი ბუდუ ზივზივაძეს არავინ შეუშალა და მასაც არ გასჭირვებია "დინამოს" დაწინაურება.

მეორე ტაიმი კი ფაქტობრივად სტუმრების უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ შედეგიც მიიღეს. 63-ე წუთზე ლევან ხარაბაძე შეცდა, გადაცემას მეკარეს უკეთებდა, თუმცა ბურთი ბაიომ მიიღო, რომლის დარტყმულიც დემეტრე ბულისკერიამ მოიგერია და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. 86-ე წუთზე საჯარიმოში სტუმართა ფეხურთელმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, მეორე სართულზე კი ბაიომ ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. რამდენიმე წუთში კობოურს ბურთი ჩაუჭრეს, თუმცა სტუმართა დარტყმულს თავად შეცდომის ავტორი გადაეფარა. მიუხედავად ამისა, სლოვაკებმა მაინც შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა: მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ჯარიმა შეასრულეს და ბაიომ კვლავ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა.

ამრიგად, შემდეგ ეტაპზე "დუნაისკა სტრედას" მეტოქე მინსკის "დინამო" იქნება. ბელარუსულმა გუნდმა ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდი "დერი სიტი" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.

დინამო - დუნაისკა სტრედა 1:2 (1:0)

თბილისი, "დინამო არენა"

დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია, კიტეიშვილი, შულაია, ერგემლიძე (ივანიშვილი 88), ზივზივაძე (ვაწაძე 74)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დუნაისკა სტრედა: მაცეი, ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი, კოსტრნა, ჰერცი, ლიუბიჩიჩი (ვიდა 72), ვიდა (ტრეტიაკოვი 80), დევისი (კალმარი 57), ბაიო, პაცინდა

მწვრთნელი: მარკო როსი

გოლი: 1:0 ზივზივაძე (41), 1:1, 1:2 ბაიო (86, 90+4)

გაფრთხილება: ლიუბიჩიჩი (60), ბაიო (67), ლოჩოშვილი (77), ვიდა (90+3), კიტეიშვილი (90+8)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 8(4) - 15(6): ბურთის ფლობა 49%-51%: კუთხურები 8-8: თამაშგარე 2-1:

0.144839