ფეხბურთი

3:03 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტ ჯორჯია” და “ლიახვი” უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებენ

საქართველოს ორგზის ჩემპიონი თბილისის “ვიტ ჯორჯია” და ცხინვალის “ლიახვი” უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებენ. ამის შესახებ დღეს ორივე კლუბს აცნობეს. მათ სპორტული პრინციპით მოიპოვეს უმაღლესი ლიგის საგზური, თუმცა როგორც ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა განაცხადა, დარღვევები ჰქონიათ გარკვეულ პუნქტებში.

“ვიტ ჯორჯიასა” და “ლიახვს” შეტანილი ჰქონდათ ლიცენზიაზე განცხადება, რაც ფედერაციაში არ დაკმაყოფილდა, თუმცა აპელაციის უფლება ჰქონდათ. ორივე კლუბი ეცადა პუნქტების მოწესრიგებას, თუმცა დღეს განიხილეს მათი საკითხი და ორივეს უარი განუცხადეს ლიცენზიის მიღებაზე. “ლიახვის” საკითხის განხილვა მალევე დასრულდა, ვიტელების თემას კი დიდიხანი დასჭირდა.

ასე რომ, უმაღლესი ლიგა, სავარაუდოდ 14-გუნდიანი იქნება. დარჩენილია ფლეი-ოფის მატჩი “ზუგდიდსა” და ხობის “კოლხეთს” შორის, რომელიც 29 მაისს უნდა გაიმართოს. თუმცა “კოლხეთმა” რომც მოიგოს, ლიცენზია არ აქვს და ვერ გადავა უმაღლესში. ხოლო “ზუგდიდი” თუ იმარჯვებს, უმაღლესის მე-14 გუნდი სწორედ ის იქნება.

ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რატომ ტარდება ეს მატჩი, მაგრამ რეგლამენტით სწორედაც უნდა ჩატარდეს. რა მოხდება ხობელთა გამარჯვების შემთხვევაში? - ამაზე რამდენიმე დღეში გვეცოდინება.

0.154593