ამბები

22:00 | 20.01.2014 | ნანახია 2998 - ჯერ

ორი სინბინი და სულუაშვილის დებიუტი Pro D2-ში

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის მე-17 ტურში ორმა ქართველმა ლეგიონერმა ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ახლგაზრდა პირველხაზელ გიორგი სულუაშვილს კი, ელიტარულ დივიზიონში დებიუტი ჰქონდა.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” “კარკასონს” ეწვია და 31:26 მოგებით საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ჩხაიძე იყო, რომელმაც ფლანკერად, 6 ნომერზე ითამაშა და 49-ე წუთზე შეცვალეს. მირცხულავა თამაშში 55-ე, ხოლო ნემსაძე მე-60 წუთიდან ჩაერთო და ამ უკანასკნელმა 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ტარბმა” ტაიმი 11:9 მოიგო, მეორე ნახევარში უპირატესობა გაზარდა და 64-ე წუთზე 31:9 იგებდა, თანაც ოთხი უპასუხო ლელო ჰქონდა გატანილი, მაგრამ სანამ ქართველი სინბინში იყო, მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს, ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს და “ტარბს” პრემიალური ქულა დააკარგვინეს. მიუხედავად ამისა, ქართველთა გუნდი 42 ქულით მე-7 ადგილამდე აღზევდა და საპლეიოფო მეხუთე საფეხურს 5 ქულა აშორებს.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბიმ” ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” უმასპინძლა და 12:25 დამარცხდა. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ თეთრაშვილი იყო, ის თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო და 7 წუთში სინბინი დაიმსახურა. ბოლო დროს ხშირად უწევს თამაში ყაულაშვილს, რომელიც ამჯერად შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. მისი “ლა როშელი” 54 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო “ალბი” 29 ქულით მეცამეტეა.

პირველ ადგილზე 61 ქულით კვლავ გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონია”, რომელიც ამ ტურში “ნარბონთან” 6:22 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ კოლელიშვილი იყო. პირველხაზელების სინბინის გამო, მას სამჯერ მოუწია მოედნის დატოვება, მაგრამ მოედანზე სამივეჯერ დაბრუნდა. თანაგუნდელების სასჯელების შედეგად გაცდენილი დროის გათვალისწინებით, მან ჯამში 52 წუთი ითამაშა.

ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” ქართველი ლეგიონერის გარეშე “მონ-დე-მარსანი” სტუმრად 12:9 დაამარცხა და 57 ქულით მეორე ადგილზე და ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება. ამასთან, საპლეიოფო ზონაში მას ათქულიანი ფორა აქვს და თოპ 14-ის საგზურისთვის ბრძოლაში კარგ პოზიციაზეა.

უკან-უკან მიდის ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკის” საქმე, რომელმაც ბოლო ცხრა თამაშიდან შვიდი წააგო და 38 ქულით მე-9 პოზიციაზეა. ამჯერად ქართველთა გუნდს “დაქსმა” აჯობა - 30:16. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ მეორეხაზელი დათუნაშვილი იყო და სრულად ითამაშა. მისი გუნდი ნახევარი საათის შემდეგ 0:17 აგებდა, ტაიმის ბოლომდე ორი ჯარიმის გაქვითვა მოახერხა, მაგრამ 63-ე წუთზე ჩამორჩენა უკვე 24 ქულას შეადგენდა (6:30). “ორიაკმა” დასკვნით 10 წუთში ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა, მაგრამ ამით მხოლოდ ანგარიში შეალამაზა და ქულის აღება ვერ მოახერხა.

თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის და გიორგი სულუაშვილის “ბურგ-ან-ბრესი” სტუმრად “პოსთან” 15:34 დამარცხდა. გარემარბი მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და სრულად ითამაშა. შარიქაძე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, ხოლო 20 წლის სულუაშვილი, რომელიც შარშან “ფედერალ 1”-ის “სტრასბურგში” თამაშობდა, “ბურგ-ან-ბრესს” ამ სეზონის წინ შეუერთდა და აქამდე “ესპუარებში” ირჯებოდა, თამაშში მე-60-ე წუთიდან ჩაერთო და 12 წუთში შეცვალეს. ქართველთა გუნდი 25 ქულით მე-14-ე ადგილზე და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” თორნიკე ლომიძის “ოში” 22:12 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “ბეზიე” 35 ქულით მე-11 პოზიციაზეა, ხოლო “ოში” 22 ქულით ბოლო, მე-16 საფეხურზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 25-26 იანვარს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075896