შიდა რაგბი

19:09 | 22.10.2021 | ნანახია 630 - ჯერ

EY რაგბის კავშირის ინტელექტუალური პარტნიორი გახდა

საქართველოს რაგბის კავშირსა და აუდიტორულ ფირმა შპს EY შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

EY დიდ ოთხეულში შემავალი გლობალური საკონსულტაციო კომპანიაა. ის იქნება კავშირის ინტელექტუალური პარტნიორი, როგორც ფინანსური ანგარიშგების და საერთაშორისო ფინანსური სტანდარტების დანერგვის, ასევე საუკეთესო კორპორატიული მართვის გაზიარების კუთხით.

„ავჭალის“ სარაგბო ბაზაზე შეთანხმებას ხელი რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტმა ნიკა ალავიძემ და EY-ის დირექტორმა რუსლან ხოროშვილმა მოაწერეს.

„ქართული რაგბის ისტორიაში დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. დიდ ოთხეულში შემავალ აუდიტორული ფირმა შპს EY-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას ვაფორმებთ. ეს კომპანია გახდა საქართველოს რაგბის კავშირის ინტელექტუალური პარტნიორი, რაც თავის მხრივ უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა რუსლანს და მთელს კომპანიას ამ ძალიან კარგი შეთავაზებისთვის, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის გაკეთდა. დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობა იქნება პროდუქტიული როგორც რაგბის კავშირისთვის, ასევე თითოეული გულშემატკივრისთვის, რადგან გაიზრდება როგორც მართვის, ასევე ჩვენს მიერ დაპირებული ტრანსპარანტულობის ხარისხი“ – განაცხადა ნიკა ალავიძემ.

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობა, რადგან ის წარმატების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. რაგბმა ბევრი სიკეთე შესძინა ქვეყანას და მის ახალგაზრდობას. ჩვენ მუდამ გვქონდა ახლო ურთიერთობა და ერთობლივად ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. ვიმედოვნებ, რომ რაგბის კავშირს ექნება სამაგალითო, გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება და სხვა შიდა პროცესების განვითარებაშიც დავეხმარებით“ – თქვა რუსლან ხოროშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, ნიკა ალავიძემ რუსლან ხოროშვილს ბორჯღალოსნების ავტოგრაფებით დამშვენებული სათამაშო კვართი და ბურთი გადასცა.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080084