ლეგიონერები

10:12 | 8.05.2020 | ნანახია 5108 - ჯერ

"ნახვამდის, ბატონებო!" - ფრანგული გამოცემა გორგოძესა და ზირაქაშვილს ქართულად დაემშვიდობა
"ფრანგები რომ ყოფილიყვნენ, საფრანგეთის ნაკრების შეუცვლელი წევრები იქნებოდნენ"

პოპულარული ფრანგული გამოცემა midi-olympique ლეგენდარული ქართველი მორაგბეების, მამუკა გორგოძისა და დავით ზირაქაშვილის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.

როგორც წერილშია ნათქვამი, ისინი ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ, თავიანთ პოზიციაზე წლების განმავლობაში TOP 14-ში საუკეთესოები და ფრანგები რომ ყოფილიყვნენ, საფრანგეთის ნაკრებში შეუცვლელი მოთამაშები იქნებოდნენ. რაც მთავარია, გამოცემა ჩვენებურებს ქართულად დაემშვიდობა - Nakhvamdis, Messieurs - ნახვამდის, ბატონებო.

„როდესაც კარიერას სპორტსმენი ასრულებს ყოველთვის გულდასაწყვეტია. ამჯერად თქვენს ყურადღებას ორ მონსტრზე შევარჩებთ, რომლებიც საქართველოდან არიან. მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი საფრანგეთში ჯერ კიდევ XXI საუკუნის შუაში გამოჩნდნენ და თავიდანვე მიიქციეს ყურადღება, ჩრდილში არასდროს მოქცეულან. ეს არის ჩვენი ჩემპიონატის ისტორიის გვერდი, რომელიც მაშინ გაიხსნა, ხოლო ერთი კვირის წინ დაიხურა, პრესრელიზის მიხედვით გამოცხადდა მათი კარიერის დასრულება, დომინოს ეფექტით.

მადლობას ვუხდით ამ დიდ ბიჭებს, რომლებიც მუდმივად ბოლომდე იბრძოდნენ. ისინი წინა ხაზზე იყვნენ, თავი არასდროს დაუზოგავთ ჯანმრთელობის ფასად, თავისი გუნდის მაისურის გამო. უფრო სწორად ორი მაისურის გამო, როგორც კლუბში, ისე მათი სამშობლოსთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

ზირაქაშვილმა და გორგოძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესაბამისად 53 და 75 მატჩი ჩაატარეს. ისინი საფრანგეთში რომ დაბადებულიყვნენ, ეჭვი არ გვეპარება, ნამდვილად იქნებოდნენ ლურჯი მაისურით ჩვენი ნაკრების წევრები, რადგან ათწლეულის განმავლობაში ტოპ 14-ში დომინანტები იყვნენ თავიანთ პოზიციაზე.

საერთაშორისო დონეზეც მათი აურა შესანიშნავი იყო. 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ ბრიტანულმა მედიამ დათო მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა ბურჯად დაასახელა. 2015 წელს ინგლისის მსოფლიოთასზე „გორგოძილას“ ღირსება შევიცანით. გიგანტური ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, როდესაც მოედანზე მსოფლიოს 23 გამორჩეული მოთამაშე იყო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა დაასახელეს. ეს ორი მომენტი ასახავს ამ მოთამაშეების მთელ განზომილებას. რაც მთავარია, ისინი ნამდვილი ადამიანები არიან. პროფესიონალიზმით გამორჩეულ მოთამაშეთა შორის ორივე აუცილებლად მაგიდის თავში უნდა დავსვათ.

მათმა გაცილებამაც მორიდებულად ჩაიარა, ოვაციების და დიდი ყურადღების გარეშე. მათთვის შესაფერისი, თავმბადალი დამშვიდობება იყო. ნახვამდის ბატონებო (Nakhvamdis*, Messieurs)“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, დავით ზირაქაშვილი 2004 წლიდან „კლერმონის“ წევრი იყო და კლუბის ლეგენდადაა აღიარებული. ფრანგულ გუნდში ჩვენებურმა 337 თამაში ჩაატარა და 90 ქულა მიითვალა, ხოლო ორჯერ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებში ზირაქაშვილმა 2004-2015 წლებში 53 მატჩში 40 ქულა მიითვალა. ნიშანდობლივია, რომ ზირაქაშვილი 2010 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

მამუკა გორგოძე კი საფრანგეთში ჯერ 2005-2014 წლებში „მონპელიეს“ ღირსებას იცავდა და 168 შეხვედრა ჩაატარა (135 ქულა), ხოლო 2014-2019 წლებში „ტულონის“ მაისურით ირჯებოდა (102 მატჩი, 85 ქულა). საქართველოს ნაკრებში „გორგოძილამ“ 2003-2019 წლებში 75 კეპი დააგროვა (135 ქულა) და 27 ლელოთი „ბორჯღალოსნების“ რიგებში რეკორდსმენია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:16 | 08.05.2020
ოვალური კორბენი (276)

"მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი საფრანგეთში ჯერ კიდევ XXI საუკუნის შუაში გამოჩნდნენ და თავიდანვე მიიქციეს ყურადღება"
ანუ გამოდის რომ ჯერ არც დაბადებულან )) "ტერმინატორის" ქართულ-ფრანგული ვერსია იჩითება
ეს ხუმრობით. სინამდვილეში კი ზირაქა და მამუ მართლაც "ბატონები" არიან, ყველანაირი გაგებით.

17:05 | 08.05.2020
qomagi (248)

ქართული და მსოფლიო რაგბის ორი გიგანტი და უძლიერესი მოთამაშე, ნადვილად რომ მსოფლიოს ნებისმიერი უმაღლესი დონის ნაკრებს რომ დაამშვენებდნენ!!! მადლობა ზირაქას და გორგოძილას ამ დიდებული წლებისა და თავდადებული თამაშისთვის!!!

0.080714