ამბები

18:08 | 16.10.2017 | ნანახია 1980 - ჯერ

კოლუმბიელი მორაგბეების ქართული გაკვეთილები

5-იდან 12 ოქტომბრამდე საქართველოში კოლუმბიელი, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული მორაგბეთა გუნდი იმყოფებოდა, რომლის წევრებმაც სპორტულთან ერთად სოციალურ-საგანმანათლებლო ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა.

სამხრეთ ამერიკელები ჩვენს ქვეყანას სპეციალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კოლუმბიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება. ჯგუფი 15 კაცისგან შედგებოდა, რომელთაგან თორმეტნი 15-იდან 17 წლამდე ასაკის მორაგბე იყვნენ.

ჩამოსვლიდან მეორე დღეს მათი სარაგბო განათლება დაიწყო და პირველი შეხვედრა საქართველოს რაგბის ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. კადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა კოლუმბიელ მორაგბეებს აკადემიის პროგრამის მიხედვით ესაუბრა მორაგბის განვითარებისა და გაზრდისთვის აუცილებელ ფიზიკურ და მენტალურ კრიტერიუმებზე, ასევე გააცნო მათ აკადემიის მუშაობის სპეციფიკა. მანვე სტუმართა გუნდის მთავარ მწვრთნელს ბორჯღალოსნების კართი გადასცა და ზურგზე გამოსახული ვაზის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რამაც კოლუმბიელების აღფრთოვანება გამოიწვია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და საბოლოოდ მოედანზე, სახალისო ვარჯიშებით დასრულდა. იმავე დღეს სტუმრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვივნენ.

პროგრამის ფარგლებში კოლუმბიელ ახალგაზრდებს ყოველი მომდევნო დღე სარაგბო აქტივობებით ჰქონდათ გაწერილი, რომელსაც თან კულტურული ღონისძიებებიც ახლდა. 7 ოქტომბერს ისინი „ხვამლი არენაზე“ მივიდნენ, სადაც კიდევ ერთმა ვეტერანმა ბორჯღალოსანმა რატი ურუშაძემ ავარჯიშა.

8 ოქტომბერს სტუმრებს თელავის ‘ჭადარმა’ უმასპინძლა. იყო ერთობვლივი ვარჯიში, რის შემდეგაც 7-კაცა რაგბის სამი სახალისო თამაში გაიმართ. პირველ ჯერზე ერთმანეთის პირისპირ კოლუმბიელი და ქართველი თანატოლები წარსდგნენ, მერე გაკეთდა შერეული გუნდები, ხოლო სულ ბოლოს მოედანზე მწვრთნელებიც გავიდნენ, მათ შორის კოლუმბიელი ქალბატონი. მესამე ტაიმზე ტრადიციული, კახური სუფრა გაიშალა და სტუმრები ნასიამოვნები დარჩნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ კახეთის ღირშესანიშნაობებიც დაათვალიერეს.

9 ოქტომბერს სტუმრები ვარკეთილში, ‘ლელოს’ ბაზას ეწვივნენ და „ბ“ ლიგის გუნდთან ერთობლივი ვარჯიში გამართეს, რომელიც დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა. ვარჯიშის დასასრულს გაიმარგთა მატჩი 7-კაცა რაგბში ქართველ და კოლუმბიელ ახალგაზრდებს შორის.

10 ოქტომბერს კოლუმბიელებს კიდევ ერთი ბორჯღალოსანი ნონო ანდღულაძე შეხვდა და სტუმრებს საქართველოს რაგბის კავშირის მიერ განხორციელებული სოციალური აქტივობები გააცნო. ესაუბრა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას ჩატარებულ სოციალურ აქტივობებზე და მათ მნიშვნელობაზე.

იმავე დღეს სამხრეთ ამერიკელები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცასა და თბილისის ‘აკადემიას’ მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ ავარჯიშა.

გაცვლითი პროგრამის კოლუმბიელი კოორდინატორი მონიკა ბელტრანი საქართველოში ვიზიტით კმაყოფილი დარჩა:

„ვცდილობთ, რომ კოლუმბიის სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დავეხმაროთ და გაცვლითი პროგრამით საქართველოში ჩამოვედით. ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, გვაქვს გაფორმებული მემორანდუმიდა საქართველოში 15-იდან 17-წლამდე ბავშვები ჩამოვიყვანეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოშიც დიდი ყურადღება ექცევა სოციალურ მიმართულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რაგბის ღირებულებების გაცნობა და ვეცდებით ისინი კოლუმბიაშიც სრულფასოვნად დავნერგოთ“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075871