სუპერ რაგბის დებიუტანტმა არგენტინულმა „იაგუარსმა“, ტურნირის მეორე მატჩი სტუმრად, სამხრეთ აფრიკაში „შარქსთან“ გამართა და მასპინძლებს ერთის წილ ორი ლელო გაუტანა, მაგრამ ხშირად ჯარიმდებოდა და 15:19 დამარცხდა.
მატჩში ფავორიტებად მასპინძელი ითვლებოდნენ, და გავლენიანი ვებგვერდი Planetrugby.com „ზვიგენების“ 8-ქულიან გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გუნდები ერთმანეთს ქულა-ქულაში მიჰყვებოდნენ. ანგარიში მასპინძელთა „ათიანმა“ ჯო პიტერსენმა საჯარიმო დარტყმით დებიუტშივე გახსნა და მალე ლელოც გავიდა, ოღონდ ის მე-6 წუთზე სტუმრებმა დადეს - არგენტინელმა ლეონარდო სენატორემ მარცხენა ფლანგზე ბურთით ხელში 10-12 მეტრი სწრაფად დაფარა და ემილიანო ბოფელის ამოუგდო, რომელმაც მდევარი ჩამოიცილა და ოვალი კარებს უკან დაამიწა. ნიკოლა სანჩესმა გარდასახვა შეასრულა - 3:7.
მასპინძლებმა ქომაგები დიდხანს არ ანერვიულეს და მალე თავისი ლელო დადეს. მე-9 წუთზე „შარქსმა“ აუტის შემდეგ კარგი მოლი ააგორა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედნამდე იარ ლელო მარსელ კოცემ მიითვალა, ხოლო ჯო პიტერსენმა გარდასახა [10:7]. შემდეგ გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს, მერე კი, „იაგუარებში“ უდისციპლინობამ იჩინა თავი და არგენტინელებს ორი წუთში ორი მორაგბე გაუსინბინეს.
13-კაცით დარჩენილ მეტოქესთან უპირატესობა მასპინძლებს უნდა ჰქონოდათ და ასეც იყო, „შარქსი“ უტევდა, მაგრამ 36-ე წუთზე, მორიგი შეტევის ორგანიზებისას დანიელ დუ პრეს ბურთი ხელიდან დაუვარდა. არგენტინელებმა ის დაახლოებით მოედნის ცენტრიდან მეტოქის ჩათვლის მოედნის მიმართულებთ დაბალი ტრაექტორიით გაგზავნეს, ბურთის მდევრებიდან ყველაზე სწრაფი სანტიაგო კორდერო აღმოჩნდა და ლელო დაამიწა - 13:15, რადგან სანჩესმა გარდასახვა გააცუდა.
მეორე ტაიმში ლელოები არ დადებულა. თამაშის წესებს არგენტინელები უფრო ხშირად არღვევდნენ და დაისაჯნენ კიდეც - ჯო პიტერსენმა ორი ჯარიმა გაიტანა „შარქსმა“ 19:15 იმარჯვა. ორი ტურის შემდეგ სამხრეთ აფრიკელებს ორი გამარჯვება აქვთ და ზე რაგბის საერთო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო დებიუტანტი „იაგუარები“ ერთი მარცხითა და ერთი მოგებით მეათენი არიან.
შარქსი - იაგუარსი 19:15
შარქსი: 1 ლელო- კოცი; გარდასახვა - პიტერსენი; 4 ჯარიმა- პიტერსენი
იაგუარსი: 2 ლელო - ბოფელი, კორდერო; 1 გარდასახვა - სანჩესი; 1 ჯარიმა - სანჩესი; 2 სინბინი - ბაეზი, მატერა
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია