სანამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასა და ფიჯისთან, 17 და 24 ნოემბერს, თბილისში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის შეიკრიბება, საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის, Top 14-ში XI რაუნდის შეხვედრები გაიმართა.
ამ ტურში ორი ცენტრალური მატჩი იყო და ორივე შემთხვევაში ერთმანეთს ქართველი ლეგიონერების გუნდები ეთამაშებოდნენ, მაგრამ არცერთში შედგა ქართული დერბი.
პირველ მატჩში 2011 წლის ფინალისტები - ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” და მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. თამაში ტულუზაში გაიმართა, მას 17 ათასი მაყურებელი დაესწრო და მასპინძელთა გამარჯვებით - 27:9 დასრულდა.
ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდა, რადგან საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, 10-11 ნოემბერს, სხვა წამყვანმა სარაგბო ნაკრებებმა მატჩები უკვე ჩაატარეს და მოთამაშეთა უმრავლესობა სწორედ ქვეყნის ღირსებას იცავდა. მასპინძლებს ტრავმის გამო დააკლდა პირველხაზელები - კაკოვინი და ბრეგვაძე. სტუმართა განაცხადში არ იყო ჟღენტი, შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა გორგოძემ, ხოლო პირველხაზელი ნარიაშვილი მოედანზე 30-ე წუთზე შევიდა.
მასპინძლები სამჯერ დაწინაურდნენ ჯარიმით, სტუმრებმა ჯარიმითვე, სამჯერვე აღადგინეს წონასწორობა, მაგრამ შესვენებამდე 5 წუთით ადრე ლელო მიიღეს და ტაიმი 9:14 დათმეს.
მე-2 ნახევარში “მონპელიეს” ქულა აღარ აუღია, სამაგიეროდ, “ტულუზამ” ჯერ 2 ჯარიმით გაზარდა უპირატესობა, ხოლო 73-ე წუთზე ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
“ტულუზამ” პრემიალური ქულა ვერ აიღო, მაგრამ ჯამში 38 ქულა გაუხდა და მე-3 ადგილი შეინარჩუნა, თანაც, 32 ქულით მეოთხეზე მყოფი “მონპელიე” უკან მოიტოვა.
უფრო დაძაბული გამოდგა პირველ-მეორე საფეხურზე მყოფი გუნდების დაპირისპირება. სანაკრებო თამაშების გამო, გუნდებმა აქაც რამდენიმე მორაგბე მოისაკლისეს. დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, 17736 მაყურებლის წინაშე, ლიდერს - დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონს” უმასპინძლა და დრამატულ მატჩში, ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით, 24:21 იმარჯვა.
კოლელიშვილი, რომელსაც გასულ ტურში “აჟენის” კაპიტანი გინების გამო შემოელახა, განაცხადში არ იყო, ხოლო ზირაქაშვილი ბრძოლაში 68-ე წუთიდან ჩაერთო. სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს ქუბრიაშვილი (ერთი წყაროს მიხედვით, ქუბრიაშვილმა მოედანზე 70 წუთი გაატარა) და სწორედ ამიტომ, ქართველთა დაპირისპირება არ შედგა.
წინასწარ 24-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მერე სათადარიგოთა სკამზე ვერ მოხვდა მიქაუტაძე. ამ მატჩისთვის არც ემზადებოდა ჩილაჩავა.
“კლერმონის” პირველ წუთზე გატანილ არეკნს, “ტულონმა” 2 ჯარიმით უპასუხა და 6:3 დაწინაურდა, მაგრამ მე-18 წუთზე ლელო გაუშვა, გარდასახვაც ზუსტი იყო და მასპინძლები 4 ქულით დაწინაურდნენ.
შესვენებამდე, სტუმართა ჯარიმას მასპინძლებმაც ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 13:9 მოიგეს. 55-ე წუთზე, “კლერმონმა” მე-2 ლელო გაიტანა და უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო, 61-ედან 73-ე წუთამდე კი, ჯონ უილკინსონმა 3 ჯარიმა ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. “კლერმონი” 77-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, უილკინსონმა არეკნით წონასწორობა აღადგინა და თითქოს საბოლოო შედეგიც ფრე იქნებოდა, მაგრამ ბოლო შეტევისას “კლერმონმა” ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, ბრუკ ჯეიმსს ნერვებმა და სიზუსტემ არ უმტყუნა და საკუთარ გუნდს 24:21 მოაგებინა, რითაც ლიდერთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შემცირდა. “ტულონმა” ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა და 42 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ “კლერმონი” ახლა მას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
ქულებით (32) “მონპელიეს” გაუთანაბრდა და მე-5 ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელმაც სტუმრად “ბორდო”, ბოლო წამზე გატანილი ჯარიმის წყალობით, 16:13 დაამარცხა.
ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 64 წუთი ითამაშა და სტუმართა მიერ 30-ე წუთზე გატანილ ლელოში მისი წვლილიცაა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე, ლელო-გარდასახვით კი გახსნეს, მაგრამ 30-ე წუთზე სტუმართა შერკინების მიძალებას ვეღარ გაუძლეს.
ლელომდე სამიოდე წუთით ადრე, მასპინძელთა პირველი ნომერი ფეიქრიშვილს ვერ დაუდგა და სინბინით დაისაჯა, ვერც მისმა შემცვლელმა ივარგა და “კასტრმა” დამსახური საჯარიმო ლელო ჩაიწერა.
შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 10:10 დასრულდა.
მე-2 ნახევრის დასაწყისში “ბორდო” ჯარიმით დაწინაურდა, სტუმრებმა ჯარიმითვე ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო ბოლო წამზე გატანილი ჯარიმით, 16:13 იმარჯვეს და 4 ქულა ჩაიწერეს.
ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” “აჟენს” უმასპინძლა, 20:13 დაამარცხა, 24 ქულით მე-8 ადგილამდე დაწინაურდა და საპლეიოფო ექვსეულს მიუახლოვდა.
ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. მისმა გუნდმა ლელო მეორე წუთზევე გაუშვა, მერე 2 ჯარიმა გაიტანა, მაგრამ შესვენებამდე ერთი თავად მიიღო და ტაიმი 6:8 დათმო.
მე-2 ტაიმის დებიუტში, “სტად ფრანსე” ჯარიმით კვლავ წინ გაიჭრა, მერე გუნდებმა ლელოები გაიტანეს, მასპინძლებმა ჯარიმიდან კიდევ ორჯერ იხეირეს და გაიმარჯვეს.
Top 14-ში პირველი გამარჯვება იზეიმა თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანმა”, რომელმაც სტუმრად “რასინგ მეტროს” მინიმალური სხვაობით - 17:16 სძლია.
ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. სტუმრებმა ტაიმი 6:13 დათმეს, მერე მეტოქეს ანგარიშით 11:16 ჩამორჩნენ, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 2 ჯარიმა გაიტანეს (ბოლო 76-ე წუთზე) და მე-11 მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
მიუხედავად ამისა, “მონ დე მარსანი” 6 ქულით მაინც ბოლო ადგილზეა და მთელი 10 ქულით ჩამორჩება ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ “აჟენსა” და “ბორდოს”.
ახლა Top 14-ში შესვენება გამოცხადდება და ის 1 დეკემბერს განახლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია