ექვსი ერის 2014 წლის გათამაშებას ორი ტურის შემდეგ ორ-ორი მოგებით ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები ლიდერობენ. მათ საწყისი ორი თამაში საკუთარ მოედანზე ჩაატარეს და გამარჯვებები მოიპოვეს, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ირლანდიელებს ინგლისში, ხოლო ფრანგებს უელსში უწევთ გასვლა და გამორიცხული არაა, მესამე ტურის შემდეგ ოთხ გუნდს ჩემპიონობის თანაბარი შანსი ჰქონდეს.
ირლანდიელთა და ინგლისელთა გამარჯვებაზე უკვე ვწერდით და ახლა ფრანგების ჯერია. მათ იტალიელებთან ბოლო სამი მატჩიდან ორი ჰქონდათ წაგებული და მოედანზე მობილიზებულნი გამოვიდნენ, მაგრამ თუ არ ჩავთვლით ორივე ტაიმის საწყის წუთებს, მეტოქე ისე ძლიერაც ვერ დაჩაგრეს როგორც ანგარიშიდან ჩანს.
მატჩის დებიუტი მასპინძლებისა იყო, მაგრამ საწყის 10 წუთში მათ ორი ჯარიმა და ერთი არეკნი ვერ გაიტანეს. მერე ნელ-ნელა თამაში გათანაბრდა და ტაიმის ბოლომდე იტალიელებმაც ერთი ჯარიმა მიითვალეს. მიუხედავად ამისა, შესვენებამდე ჟან-მარკ დუსანმა სამჯერ ზუსტად დაარტყა, რაზეც იტალიელებმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და მასპინძლები 9:3 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმი პირველის მსგავსად ფრანგთა აქტიურობით დაიწყო და “სტად ფრანსეზე” შეკრებილმა მაყურებელმა ათ წუთში სამი ლელო იხილა.
პირველ ჯერზე ლუის პიკამოლი მოლს მოწყდა და ბოლო მცველის მცდელობის მიუხედავად, რომელმაც ის ფეხებში შებოჭა, ჩათვლის მოედანს მაინც მიწვდა. 45-ე წუთზე წარმოქმნილი რაქიდან ბურთი უესლი ფოფანამ აიტაცა, დაუცველ ფლანგზე გაიქცა და ორმა მბოჭავმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხა. იტალიელებმა შეუტიეს, მაგრამ მეტოქის 22-ში მათი გადაცემა ფოფანამ ჩაჭრა, კონტრშეტევაზე ორი მცველი მიიზიდა და იერიში იოან უგეს გააგრძელებინა, რომელმაც დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და ლელო დებიუტანტ უგო ბონევალს გაატანინა. დუსენმა სამივე გარდასახვა გამოიყენა და საფრანგეთი 30:3 დაწინაურდა.
ამის შემდეგ სტუმრები თავდადებით ცდილობდნენ მატჩის ბედის შემოტრიალებას და ჩათვლის მოედნის ხაზიც გადაკვეთეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დააფიქირა. 70-ე წუთზე ფრანგები სინბინით დაისაჯნენ, მერე მცირე კონფლიქტი მსაჯმა მკაცრად განსაჯა და ორივე გუნდის პირველხაზელს წითელი ბარათი აუფრიალა, ხოლო 76-ე წუთზე ტომაზო იანონემ დამსახურებული ლელო გაიტანა ლუჩანო ორკერამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 30:10 საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ.
2014 წლის ექვსი ერი. მეორე ტური
8 თებერვალი
ირლანდია - უელსი 26:3
შოტლანდია - ინგლისი 0:20
9 თებერვალი
საფრანგეთი - იტალია 30:10
1 | ირლანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 54-9 | 4 |
2 | საფრანგეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 56-34 | 4 |
3 | ინგლისი | 2 | 1 | 0 | 1 | 44-26 | 2 |
4 | უელსი | 2 | 1 | 0 | 1 | 26-41 | 2 |
5 | იტალია | 2 | 0 | 0 | 2 | 25-53 | 0 |
6 | შოტლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 6-48 | 0 |
მომდევნო ტური. 21-22 თებერვალი
უელსი - საფრანგეთი
იტალია - შოტლანდია
ინგლისი - ირლანდია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია